წარმატება ხშირად არა მხოლოდ იდეაზე, არამედ სწორ დროს გადადგმულ ნაბიჯზეა დამოკიდებული.
ელექციური ასტროლოგია ასტროლოგიის ის მიმართულებაა, რომელიც კონკრეტული საქმის დასაწყებად საუკეთესო დროის შერჩევას ემსახურება. ელექციური რუკა იგება მაშინ, როდესაც ვირჩევთ თარიღსა და საათს რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად — იქნება ეს ახალი პროექტი, ბიზნესი, ქორწილი, ხელშეკრულების გაფორმება თუ ნებისმიერი სხვა საქმე, რომლის წარმატებული განვითარებაც გვსურს.
ამ რუკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მთვარის მდგომარეობაა, რადგან ის საქმის მთავარ სიგნიფიკატორად ითვლება. სასურველია, ასეთ დროს მთვარე იყოს ძლიერი პოზიციაში — საკუთარ ნიშანში ან ეგზალტაციაში, კუთხის სახლებში (I, IV, VII, X), დადებით ასპექტში ვენერასთან ან იუპიტერთან, რომლებიც ტრადიციულად კეთილისმყოფელ პლანეტებად მიიჩნევიან.
ელექციურ ასტროლოგიაში მთვარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაზიანებად ითვლება მდგომარეობა, როდესაც ის მზესთან ძალიან ახლოსაა — დაახლოებით 12 გრადუსის ფარგლებში. ასეთ დროს მთვარე პრაქტიკულად უხილავია, რადგან მზის სხივებშია დაფარული. ეს ხდება ბალზამური მთვარისა და ახალმთვარეობის პერიოდში. სწორედ ამიტომ ტრადიციულ ასტროლოგიაში ახალმთვარეობიდან პირველი ერთი-ორი დღე ახალი საქმის დასაწყებად ნაკლებად სასურველად ითვლება. ძველი ტექსტების მიხედვით, ასეთი დრო ხშირად გამოიყენებოდა ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც დამალვას ან ფარულ მოქმედებას საჭიროებდა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს დაწყებული საქმე თითქოს „მზის სინათლისგან დაფარულია“.
ასევე მნიშვნელოვანი წესია, რომ ელექციურ რუკაში მთვარე არ იყოს მორიელის ნიშანში, რადგან აქ ის ვარდნაშია. მთვარის ასეთი მდგომარეობა ხშირად მიუთითებს, რომ დაწყებული საქმე რთულად განვითარდება ან საბოლოოდ სასურველ შედეგამდე ვერ მივა.
სასურველი არ არის არც მაშინ, როდესაც მთვარე ნიშნის ბოლო გრადუსებში იმყოფება. ამ გრადუსებს ხშირად მარსი ან სატურნი მართავენ, რაც პროცესს დამატებით სირთულეებს ან დაბრკოლებებს შეიძლება მოუტანოს. გარდა ამისა, ასეთ დროს ხშირად ხდება, რომ მთვარე ნიშნიდან გადის ისე, რომ სხვა პლანეტებთან ასპექტს აღარ აკეთებს, უკურსო მთვარე, რაც საქმეში პროგრესის ნაკლებობაზე შეიძლება მიუთითებდეს.
ყურადღებას ვაქცევთ ასევე მთვარის მმართველ პლანეტას, რადგან სწორედ მისი მდგომარეობა გვიჩვენებს, როგორ განვითარდება ეს საქმე მომავალში. მაგალითად, შეიძლება მთვარე იყოს პირველ სახლში, სასწორის ნიშანში და იუპიტერთან შეერთებაში — რაც მიუთითებს კარგ დასაწყისზე. თუმცა თუ მთვარის მმართველი, ვენერა, მორიელშია და განდევნილ მდგომარეობაში იმყოფება, ეს უკვე უარყოფითი მაჩვენებელია და შესაძლოა საბოლოო შედეგზე ნეგატიურად აისახოს.
ელექციური რუკის შეფასებისას, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ფაქტორები არ არის მნიშვნელოვანი. ყურადღებას ვაქცევთ ასევე თავად საქმის სიგნიფიკატორებს, მმართველ პლანეტებსა და მათ შორის არსებულ ასპექტებს, რადგან სწორედ ამ დეტალების ერთობლიობა გვაძლევს სრულ სურათს იმის შესახებ, რამდენად წარმატებით შეიძლება განვითარდეს კონკრეტულ დროს დაწყებული საქმე

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მარცხენა მაჯაზე წითელი კალმით დაიწერეთ ციფრი 9...“ - როგორ მივიღოთ სწრაფი ფული?
⭕„საფანტის პისტოლეტით და დანით, ჭრილობები მიაყენა მეუღლეს...“ - მკვლელობის მცდელობის დეტალები გორიდან
წყარო: www.facebook.com