კოსმოსური ამინდი 15–20 სექტემბერი, 2026
წინ წინააღმდეგობრივი ენერგიებით დატვირთული კვირაა.
ერთი მხრივ, მზარდი მთვარე, ასევე მზისა და მარსის ჰარმონიული სექსტილი და მერკურისა და ურანის ტრინი ენერგიას შეგვმატებს აქტიური მოქმედებებისთვის, ახალი საქმეების დასაწყებად და საინტერესო ინიციატივების განსახორციელებლად. შესაძლოა მოულოდნელად გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, შემოთავაზებები და საინტერესო იდეები.
მაგრამ, მეორე მხრივ, შავი მთვარის — ლილიტის — თხის რქაში გადასვლა, ასევე ვენერასა და პლუტონის დაძაბული კვადრატი და მერკურისა და სატურნის ოპოზიცია ზედაპირზე ამოიტანს ძველ წყენას, ტკივილს, შიშებსა და დანაკარგებს. შესაძლოა გაჩნდეს უკმაყოფილება სამსახურის, ურთიერთობების ან ფინანსური მდგომარეობის გამო.
ეს პერიოდი გარკვეულ შეზღუდვებსაც მოიტანს და შეიძლება გამოიკვეთოს ცივი გათვლა, ცინიზმი, ანგარება და შიში, რომ ნამდვილად არ ვუყვარვართ. შესაძლოა გაჩნდეს სურვილი, ნებისმიერ ფასად გავარკვიოთ სიმართლე, შევინარჩუნოთ ან გავაკონტროლოთ ადამიანი, ან მანიპულირება მოვახდინოთ — როგორც საკუთარი, ისე სხვისი გრძნობებით.
საერთო ჯამში, კვირის მოვლენები შეიძლება იმაზე სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ველოდით. ზედაპირზე ამოვა ის, რაც დიდი ხანია ყურადღებას ითხოვდა. ურთიერთობები სერიოზულ გამოცდას გაივლის, ხოლო ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვდებდით, საბოლოო განსაზღვრულობას დაუყოვნებლივ მოითხოვს.
ამასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ემოციური დაძაბულობა და ფინანსური ხარჯების კონტროლიდან გამოსვლის საფრთხეც.
ამიტომ მთელი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანია სიფრთხილე, წინდახედულობა და გარემოსთან ურთიერთობის უფრო რბილი ფორმის არჩევა.
თუ ამ ყველაფერს გაცნობიერებულად გავივლით და საკუთარი ეგოს პროვოკაციებს არ ავყვებით, კვირის ბოლოს შესაძლოა ისეთი სიცხადე ვიგრძნოთ, რომელიც დიდი ხანია არ გვქონია.
ახლა კი — უფრო დეტალურად:
14 სექტემბერი — ლილიტი თხის რქაში
14 სექტემბერს შავი მთვარე — ლილიტი — ნიშანს იცვლის და 9 თვის განმავლობაში თხის რქის ნიშანში გადავა.
ლილიტი წინ წამოწევს ძალაუფლების, კონტროლის, პასუხისმგებლობის, სტატუსისა და სისტემასთან ურთიერთობის საკითხებს. ასევე გამოავლენს ჩვენს ყველაზე მოწყვლად ადგილებს.
ამავე დღეს მერკურისა და ურანის ჰარმონიული ტრინი გააძლიერებს აზროვნების ორიგინალურობას, ინტუიციურ და ინტელექტუალურ გამჭრიახობას, ასევე ექსპერიმენტების სურვილს სხვადასხვა მიმართულებით.
ეს ენერგია კარგი სტიმულია ახალი საქმეების დასაწყებად. შესაძლოა მოულოდნელად გამოჩნდეს შესაძლებლობები, შემოთავაზებები და ახალი იდეები.
ასპექტი დაგვეხმარება ძველი პრობლემებისთვის სრულიად ახალი, არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნაში, განსაკუთრებით კომუნიკაციასა და ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებში. შესაძლოა მოულოდნელი გამონათებებიც მივიღოთ, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, არსებული სიტუაცია სრულიად სხვა კუთხით დავინახოთ.
14 სექტემბერს ზუსტი ხდება მზისა და მარსის ჰარმონიული ასპექტიც, რომელიც მნიშვნელოვან საქმეებში სასურველი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება.
სერიოზული ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვაც კი დაძლევადი იქნება, თუ სწორად გავანაწილებთ მუშაობისა და დასვენების დროს და ყურადღებას მთავარ მიზანზე გავამახვილებთ.
15 სექტემბერი — ვენერა კვადრატში პლუტონთან
ეს, ალბათ, კვირის ყველაზე მტკივნეული ასპექტია.
ვენერა დაკავშირებულია ჩვენს გრძნობებთან, მიჯაჭვულობასთან, სიყვარულისა და სიყვარულის მიღების სურვილთან. მორიელში ვენერა უფრო ვნებიანი, ეჭვიანი და შეუვალი ხდება.
პლუტონი კი წარმოადგენს ძალას, კონტროლს და ყველაფერს, რაც დაფარული და დათრგუნულია.
როდესაც ეს ორი ენერგია ერთმანეთს უპირისპირდება, ზედაპირზე შეიძლება ამოვიდეს ძველი ტკივილი, შიში, დანაკარგი და ადამიანის შენარჩუნების ან კონტროლის სურვილი.
ეს შეიძლება გამოვლინდეს მოულოდნელი ეჭვიანობის, სიმართლის ნებისმიერ ფასად გარკვევის სურვილის, შიშის — „ნამდვილად ვუყვარვარ?“ — ან გრძნობებით მანიპულირების მცდელობის სახით.
ურთიერთობაში დაგროვილი უკმაყოფილება შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ვნებიანი დაპირისპირება და ემოციური ან ფიზიკური დაახლოება, ასევე გამოიწვიოს მოულოდნელი და საკმაოდ მკვეთრი ცვლილებები.
შესაძლებელია ძლიერი ემოციური დაძაბულობა და პარტნიორის დამორჩილების სურვილი როგორც მორალურ, ისე ინტიმურ დონეზე.
ზოგიერთისთვის ეს პერიოდი შეიძლება გახდეს არსებული ურთიერთობის საბოლოოდ გააზრების დრო — პარტნიორის „ნამდვილი სახის“ დანახვის, ურთიერთობის რეალური მდგომარეობის გაცნობიერებისა და იმის გადაწყვეტის, არის თუ არა ამ კავშირის გაგრძელება შესაძლებელი.
18 სექტემბერი — მერკური ოპოზიციაში სატურნთან
ეს დაძაბული ასპექტი გვაფრთხილებს კომუნიკაციაში შეფერხებებისა და გართულებების შესახებ.
თუ ამ პერიოდში არ ხართ დარწმუნებული, რამდენად აუცილებელია მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ხელმძღვანელებთან, ოფიციალურ სტრუქტურებთან ან ოჯახის უფროს წევრებთან, უმჯობესია, გადაწყვეტილება ცოტა ხნით გადადოთ.
თუ გადადება შეუძლებელია, მზად უნდა ვიყოთ მოლაპარაკებებში დაბრკოლებების, კომპრომისების ძიებისა და გარკვეული დათმობებისთვის.
მნიშვნელოვანია გვქონდეს ძლიერი არგუმენტები, დამაჯერებელი ფაქტები და მოთმინება. არ ღირს ემოციების აყოლა.
გამოცდებისთვისაც ეს პერიოდი არც ისე მარტივია — შესაძლოა ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ძალისხმევა, დისციპლინა და პასუხისმგებლობა დაგვჭირდეს.
19 სექტემბერი — მზისა და თეთრი მთვარის შეერთება ქალწულში
ეს ასპექტი ხელს შეუწყობს ჯანმრთელობასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და რუტინულ საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ასევე დაგვეხმარება შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზებაში და მხარს დაუჭერს ყველა კეთილ და პოზიტიურ წამოწყებას.
კვირას კი დაძაბულობისა და გარკვეული სიცივის ჰარმონიზაციას დაიწყებს მერკურისა და იუპიტერის სექსტილი, რომელიც ზუსტ ფაზას 21 სექტემბერს მიაღწევს.
ეს ენერგია კომუნიკაციაში მეტ დიპლომატიას, რბილობასა და კეთილგანწყობას შემოიტანს. ასევე ხელს შეუწყობს სასიამოვნო შენაძენებს.
აი, ასეთი კოსმოსური ამინდი გველოდება ამ კვირაში.
ყველას გისურვებთ რაც შეიძლება მეტ სასიამოვნო და პოზიტიურ მოვლენას!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის რეკლამაში გადაიღეს
⭕ეკო ფანგანი საბერძნეთის სანაპიროდან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს - „დახვეწილი და გამორჩეული“