
წყევლა არის უარყოფითი სურვილი ან სიტყვიერი ფორმულირება, რომელსაც ადამიანი წარმოთქვამს იმისთვის, რომ სხვის ცხოვრებაში უბედურება, ავადმყოფობა ან წარუმატებლობა მოიხმოს. იგი შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ენერგეტიკული ზემოქმედება, სიტყვის ძალა, ან უბრალოდ ემოციის გამოხატვა.
იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი ამბობს, რომ მაწყევარი ადამიანი საკუთარი ვიბრაციის ველს ამძიმებს. მისი თქმით, ლანძღვა და ბოღმა საკუთარ სულში დათესილი შხამია, ბოროტი სურვილი კი ვიბრაციაა, რომელიც აუცილებლად მოძებნის გზას შენამდე:
„როცა ადამიანი იწყევლება, თუნდაც, „მაგ სიმართლით იაროსო“ იციან ხოლმე… ან, „ისე გაიხაროს, როგორი მართალიც არისო” და ამატებენ, ეს ხომ წყევლა არ არის? თუ მართალია „ლოცვა” არააო?!
და ამ დროს, ვის ეთამაშები შენ?
ღმერთს?
რა გგონია, სამყაროს ენერგიას ასულელებ მაგ სიტყვების თამაშით?
და, სინამდვილეში რა განზრახვით ამბობ?
აბა, სული გაიშიშვლე, თუნდაც შენს თავთან… შენც ხომ კარგად იცი, რომ მაგ სიტყვების უკან, ბოროტი მოლოდინი გაქვს, რომ მისი „სიმართლით” დაისჯება?
ამ დროს, შენ თავს ინგრევ გაუცნობიერებლად…
მაწყევარი ადამიანი, საკუთარი ვიბრაციის ველს ამძიმებს. წყევლა მხოლოდ სიტყვა არ არის. ეს არის ენერგიის გასროლა, რომელიც პირველ რიგში გამომგზავნს ხვდება. რადგან, სამყაროს წესია: რასაც გასცემ, იმასვე იღებ.
წყევლა არის შენსავე სინათლეზე „დაგდებული” ჩრდილი.
ლანძღვა და ბოღმა საკუთარ სულში დათესილი შხამია. ბოროტი სურვილი ვიბრაციაა, რომელიც აუცილებლად მოძებნის გზას შენამდე.
ფსიქოლოგიურადაც, წყევლა არ აზიანებს მხოლოდ სხვას, ის ჯერ შენ გშლის, გთრგუნავს და შინაგან თავისუფლებას გართმევს, გიკარგავს. როცა გული ივსება სიძულვილით, ადამიანს სიმშვიდე აღარ შეუძლია.
ფილოსოფიურად კი: სამყარო არ აანალიზებს „მიზანს” ენერგია უბრალოდ მოძრაობს. ვინც ბნელს გზავნის, მასვე უბრუნდება სიბნელე. ვინც სიკეთეს ასხივებს, ამ სიკეთეში თავადვე იმოსება.
ამიტომ ნუ იწყევლები! ნუ აგზავნი ბოროტული ზრახვით ენერგიას ღმერთამდე. თუ გაწუხებს ვინმეს “არასწორი” ქმედება, სიჩუმე, ხანდახან უფრო ძლიერია, ვიდრე წყევლა, რადგან ამ დროს, სამყაროს აცდი სუნთქვას.
თუ ტკივილი მოგაყენეს, გამოსავალი მადლიერებაშია. რადგან, ტკივილი — გასწავლის, გაძლიერებს და გზრდის.
და თუ ვინმემ გაწყენინა — გააცნობიერე რომ ეს ზღვარი შენ მოშალე და თავად მოუშვი შენამდე. ბოროტი ზრახვით, მასზე მეტად, იცოდე რომ საკუთარ სულს შენვე დააზიანებ.
როგორც არ უნდა გამწარდე, გთხოვ, ნუ იწყევლები, რადგან, წყევლა უკან ბუმერანგივით გიბრუნდება! იცოდე, სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელიც არასდროს გიბრუნდება ცუდად, ბოროტებად, ან ტკივილად“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ: