თუ მუდმივად ერთი და იგივე ფინანსურ სირთულეებს განიცდი, თუ ფულის გამომუშავების მიუხედავად შენარჩუნება გიჭირს, მოულოდნელად კარგავ მატერიალურ სტაბილურობას ან ხელიდან უშვებ შესაძლებლობებს, ღირს დაფიქრება: ეს შენი დამსახურებაა თუ სხვა გარემოება ახდენს გავლენას?
წარმოიდგინე ერთი და იგივე სამსახური, ბიზნესი ან შემოსავლის წყარო. ორი ადამიანი ერთნაირ პირობებში მუშაობს, მაგრამ ერთი ფინანსურად გამართულია და თავს სტაბილურად გრძნობს, მეორე კი მუდმივად ფინანსურ კრიზისშია.
დაფიქრებულხარ, რომ შენი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა ოჯახიდან გადმოცემულ გამოცდილებებსა და შეხედულებებს უკავშირდებოდეს?
წარმოიდგინე ოჯახი, რომელშიც რამდენიმე თაობის განმავლობაში ფინანსური პრობლემები მეორდება: ვალები, გაკოტრება, ქონების დაკარგვა, დავა მიწისა და უძრავი ქონების გამო და ა.შ. ბავშვი აკვირდება უფროსების დამოკიდებულებას ფულის მიმართ, ისმენს მათ შიშებს და სწავლობს ქცევებს. გამუდმებით ესმის, რომ დიდი ფული სახიფათოა, სიმდიდრეს დანაკარგი მოსდევს ან ფულის მარტივად გამომუშავება შეუძლებელია.
ოჯახში არსებული ფინანსური შიშები და რწმენები შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს და ადამიანის გადაწყვეტილებებზე გაუცნობიერებლად იმოქმედოს.
ასტროლოგიაში პირად რუკაში მეორე, მეოთხე და მერვე სახლების სინთეზი გვიჩვენებს, რა ფინანსურ პოტენციალს ვფლობთ, გვაქვს თუ არა ოჯახური ან სხვა ფინანსური კარმული ვალები და სად შეიძლება ვიპოვოთ გამოსავალი.
მეორე სახლი გვიჩვენებს ადამიანის დამოკიდებულებას მატერიალურ რესურსებთან,რამდენად მაქვს ფინანსების გამომუშავების ნიჭი? რამდენად შემიძლია საკუთარი შრომის დაფასება, მიღებული რესურსების შენარჩუნება და მატერიალური უსაფრთხოების შექმნა?
მეოთხე სახლი წარმოადგენს ოჯახს, ბავშვობის გარემოსა და წარსულს. რას ნიშნავს ფული ჩვენი ოჯახისთვის. გვესმის თუ არა მუდმივი საუბრები ვალებზე? განიცდიან თუ არა მშობლები ფინანსურ პრობლემებს? არის თუ არა ფული ოჯახური კონფლიქტების მიზეზი? როგორ იბრძვიან ოჯახის წევრები მატერიალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად?
ამ გამოცდილებების გავლენით ზრდასრულ ასაკში ადამიანი შესაძლოა გაუცნობიერებლად იმეორებდეს იმავე ფინანსურ ქცევებს, მუდმივად ელოდებოდეს კრიზისს, უჭირდეს დანაზოგის შექმნა ან ფინანსური სიმშვიდის დროსაც კი საფრთხის მოლოდინში ცხოვრობდეს.
მერვე სახლი უკავშირდება საერთო ფინანსურ რესურსებს, პარტნიორის ფულს, ვალდებულებებს, მემკვიდრეობას, ქონების განაწილებასა და ფინანსურ კრიზისებს. თუ ოჯახის ისტორიაში არსებობდა მემკვიდრეობის გამო წარმოშობილი კონფლიქტები, ქონების დაკარგვა, სრული გაკოტრება ან ფინანსური დანაკარგები, ადამიანს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ნეგატიური რწმენები, ნდობის პრობლემები, გაუჭირდეს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, რომ საერთო ფული პრობლემებს იწვევს,
რაც უფრო დიდია ფინანსური წარმატება, მით უფრო დიდია დაცემის საფრთხე, დიდ შემოსავალს დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება და ა.შ.
თუ ადამიანი ამ რწმენებს ვერ აცნობიერებს, შესაძლოა სწორედ ისინი განსაზღვრავდეს მის ფინანსურ არჩევანს. შედეგად, ძველი გამოცდილება ახალ გარემოში კვლავ მეორდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ერთი და იგივე ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემა. საკუთარი ფინანსური არასტაბილურობის მიზეზის გასარკვევად პირველი ნაბიჯი საკუთარი და ოჯახის ფინანსური ისტორიის შესწავლაა.
დაიწყე იმით, რომ ჩამოწერო, რა მნიშვნელოვანი ფინანსური მოვლენები ახსოვთ შენს ოჯახში: იყო თუ არა გაკოტრება, ვალები, ქონების დაკარგვა, მემკვიდრეობის გამო უთანხმოება ან ფულთან დაკავშირებული მუდმივი შიში.
შემდეგ საკუთარ ცხოვრებას გადახედე. გაიხსენე, რა ფინანსური პრობლემები მეორდება შენთან. გიჭირს ფულის შენარჩუნება? ხშირად იღებ ისეთ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც შემდეგ რთულდება? კარგავ ხელსაყრელ შესაძლებლობებს?
ამის შემდეგ ერთმანეთს შეადარე ოჯახის ისტორია და საკუთარი გამოცდილება. იპოვე მსგავსება და განსხვავება. შეეცადე გაარკვიო, რა შეიძლება იყოს ოჯახიდან გამოყოლილი დამოკიდებულება და რა შენი დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგი.
შეისწავლე შენი რუკის მეორე, მეოთხე და მერვე სახლები, მათი მმართველი პლანეტები, ასპექტები.
შეცვალე არა მხოლოდ აზროვნება, არამედ მოქმედებაც.
ძველი ფინანსური ციკლის შესაცვლელად საჭიროა კონკრეტული ნაბიჯებიც. შემოსავლის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი, ვალდებულებების გააზრებულად აღება, დანაზოგის შექმნა და საკუთარი შრომის სათანადოდ შეფასება.
დაიწყე მარტივად, თუნდაც მცირე პრაქტიკული სავარჯიშოთი.
აიღე ფურცელი და დაწერე ყოველთვიური შემოსავალი, შემდეგ აუცილებელი და სავარაუდო გაუთვალისწინებელი ხარჯები. გამოაკელი ისინი შემოსავალს, დარჩენილი თანხა კი თვის დღეებზე გადაანაწილე. არ მისცე საკუთარ თავს უფლება, ერთ დღეში დასახარჯ თანხაზე მეტი დახარჯო. პირიქით, ეცადე, ყოველდღიურად ნაკლები დახარჯო და დაზოგო.
მერწმუნე, დისციპლინა, ფულის მართვა და ყოველდღიური დანაზოგი დიდ შედეგს მოგიტანს. ერთი პატარა ნაბიჯიც კი მოტივაციის წყარო გახდება.
გაიაზრე, რომ მემკვიდრეობით მხოლოდ დანაკარგი არ გერგო და შესაძლოა, წინაპრებისგან შრომისმოყვარეობა, გამძლეობა და პასუხისმგებლობის გრძნობაც გამოგყვა.
წარსული შეიძლება ჩვენი ისტორიის ნაწილი იყოს, მაგრამ ის არ უნდა იქცეს სცენარად, რომელსაც მომავალშიც აუცილებლად გავიმეორებთ. ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე და შევქმნათ ახალი დამოკიდებულება ფულის, მატერიალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართ.
ავტორი: ასტრო-ფსიქო მანტია.

ასევე დაგაინტერესებთ: