ნებისმიერი ცოდნა თუ სწავლება, რომელიც სიბრძნეს ატარებს, არ უნდა გაიფლანგოს უსარგებლოდ და მხოლოდ გონებრივ თამაშად არ უნდა იქცეს. გარკვეული ცოდნა ჩვენთან იმიტომ მოდის, რომ ის ჩვენმა ქვეცნობიერმა აირჩია – ეს ზრდისა და განვითარების გზაა. თუმცა, მწამს, რომ ცოდნა, რომელიც უკეთესობისკენ არ გვცვლის, ფუჭია.
თუ მასთან ზიარების შემდეგ ჩვენი ცნობიერება არ ტრანსფორმირდა, არ შეიცვალა ფიქრები, დამოკიდებულებები და ჩვევები, ეს ნიშნავს, რომ ან ვერ გავათვითცნობიერეთ ნასწავლი, ან კომფორტის ზონამ შეგვიშალა ხელი, რომელსაც ასე მივეჩვიეთ. ჩემი მიზანია, ცოდნა, რომელსაც ვავრცელებ, იყოს სინათლე და გზამკვლევი ცნობიერების ამაღლების პროცესში.
კრისტალიზაცია, IV ნაწილი
ყველა ადამიანს როდი შესწევს ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს მექანიკურ სამყაროს. ბევრი უმრავლესობის აზრს შეცდომაში შეჰყავს-თუკი ასე ცხოვრობს უმეტესობა, სხვაგვარად ყოფნა თითქოს არასწორად მიიჩნევა. ეს არის ჯგუფური ინსტინქტი, რომელიც იმ მტკიცებულებას ეფუძნება, რომ ძალა მუდამ უმრავლესობის მხარესაა. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ინერციის ძალაა და მეტი არაფერი.
ნამდვილი ძალა სწორედ წინააღმდეგობის გაწევაშია. ინერციის ტალღა ადრე თუ გვიან გადაივლის და თან გაიყოლებს ამ, ერთი შეხედვით, „უსაფრთხო“ უმრავლესობას, რომელსაც საკუთარი არაფერი გააჩნია და მხოლოდ სხვების მიბაძვით ცხოვრობს.
საჭიროა სიმამაცე და მოთმინება, რათა წინ აღუდგე ამ ნაკადს, რასაც ხშირად თან სდევს დინების მიმყოლი ადამიანების აგრესია. მათ არ გააჩნიათ ბრძოლის უნარი, ამიტომ ნარჩენ ენერგიასაც იმათ სიძულვილზე ხარჯავენ, ვინც წინააღმდეგობის გაწევა გაბედა.
კრისტალიზაცია არის პროცესი, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგობის გავლით მიმდინარეობს და არა მისი ხელშეწყობით, ამიტომაცაა იგი ასეთი რთული, მძიმე და მტკივნეული. იმისთვის, რომ მანქანად იქცე, საკმარისია დინებას მიჰყვე, ხოლო იმისთვის, რომ ადამიანი გახდე-აუცილებელია ამ დინების გადალახვა.
თუ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ადამიანურია და არა მექანიკური, რატომ არის მასში ასე ძნელი იყო ადამიანი და ასე ადვილი-ბრმა და ყრუ მექანიზმი? თუმცა, ბევრი საკუთარ თავს ადამიანად მხოლოდ დაბადების ფაქტით მიიჩნევს და ამ სტატუსის მოსაპოვებლად ძალისხმევას არც აპირებს. მათ სჯერათ, რომ ადამიანს ნებისმიერი საქციელი ეპატიება, რადგან მისი ბუნება თავისთავად სუსტი, ცოდვილი და მზაკვარი ჰგონიათ.
„დაე, კრისტალიზდეს ის, რაც არის“ - ასეთია მათი ლოგიკა. მათ სწამთ, რომ უკვე ფლობენ უკვდავ სულს, რომელიც ავტომატურად განწირულია ახალი სიცოცხლისთვის, მაშინაც კი, თუ ეს სული სინამდვილეში არა მხოლოდ წყვდიადი, არამედ მღვრიე ნაკადია.
კოსმოსში პრივილეგიები არ არსებობს და მზის ქვეშ კომფორტული ადგილის წინასწარ დაჯავშნა შეუძლებელია - საბოლოოდ ყველას ის ხვდება, რასაც იმსახურებს.
ადამიანად დაბადება შემოქმედის ძღვენია, თუმცა სამყაროში არაფერი გაიცემა უსასყიდლოდ; ეს ფორმა მხოლოდ ავანსია, რომელიც საკუთარი განზრახვებით უნდა გაამართლო და დაადასტურო.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებ იმ ფორმას, რომელიც სრულად შეესაბამება შინაარსს: „მტვერი მტვრად იქცევა“.
კრისტალიზაცია ადამიანის მექანიკურ ნაწილშიც შესაძლებელია და ეს ყველაზე არასასურველი სცენარია. ასეთ დროს მექანიზმი მყარდება, ცოცხალი და ადამიანური კი თანდათან ქრება. კრისტალიზაცია ნიშნავს გარკვეული მდგომარეობისა და ფუნქციონირების მეთოდის ფიქსაციას. ამ პროცესის დასაწყებად აუცილებელია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის ჭიდილი.
ადამიანის შემთხვევაში ეს ძალებია: არსი და პიროვნება, ადამიანური და მექანიკური.
ადამიანის სული მუდმივად უპირისპირდება მექანიკურ, მატერიალურ ბუნებას. როგორც წესი, ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რა ძალები იბრძვიან მათში, რა იმარჯვებს და რა მარცხდება-გადაწყვეტილებები მიიღება, თუმცა თავად პროცესი გაუცნობიერებელი რჩება.
ამ ფონზე იკვეთება მესამე, მძლავრი ძალა-გარე მექანიკური სამყარო. მისი გავლენა, არგუმენტები და „წონა“ ხშირად გადამწყვეტი ხდება არსსა და პიროვნებას, ადამიანურსა და მექანიკურს შორის დაპირისპირებაში.
ცრუ პიროვნება და ადამიანური მექანიზმი სწორედ ამ მექანიკური სამყაროს ნაყოფი და შემადგენელი ნაწილია, ამიტომ გარემო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ გაიმარჯვონ. ეს დახვეწილი პროცესი ადამიანისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, კრისტალიზაცია ვერ სრულდება-ადამიანები კაპიტულაციას აცხადებენ და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ნებდებიან მექანიკურ ძალას.
პატარა ბავშვში არსი, რომელიც საკუთარი თავის გაცნობიერებას ახლა იწყებს, უფროსების მხრიდან აგრესიას აწყდება. ისინი ყოველგვარი გზით ცდილობენ ბავშვის დამორჩილებას და მის გადაქცევას მითითებების უსიტყვო შემსრულებლად, რაც ხშირად სრულიად აბსურდულ მოთხოვნებში გამოიხატება. უფროსები „წვრთნიან“ და ამახინჯებენ ბავშვს სამყაროსა თუ ადამიანების შესახებ საკუთარი, მცდარი წარმოდგენების მიხედვით. სხვა მაგალითის არქონის გამო, ბავშვები ნებით თუ უნებლიეთ „აკოპირებენ“ მშობლებს და ჰბაძავენ მათ.
ყოველივე ეს ხელს უწყობს ცრუ პიროვნების ჩამოყალიბებასა და არსის ჩახშობას. ბავშვები იძულებულნი ხდებიან, მოერგონ გარემოს და მორჩილად მიიღონ თამაშის ის წესები, რომლებიც მათ უფროსებმა დაუწესეს.მათში ჯერ კიდევ სუსტ ადამიანურ არსს თანდათან აძინებს-მექანიკური სამყაროს ჰიპნოზითა და ჰიპერტროფირებული ცრუ პიროვნების გავლენით. ამ უკანასკნელის სწრაფ ზრდას თითქმის არაფერი აფერხებს, რადგან არსსა და პიროვნებას შორის „ხახუნი“(წინააღმდეგობა) ზედმეტად სუსტია.
ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამგვარ ამორფულ მდგომარეობაში ცხოვრობს და არც კი ეჭვობს, რომ სინამდვილეში ისინი მხოლოდ მანქანები და ნამდვილი ადამიანის მექანიკური ასლები არიან. მათი ადამიანური არსი ჩვილის დონეზეა ჩაკონსერვებული-სუსტი და უმწეო, სამაგიეროდ, ცრუ პიროვნების „ბუშტი“ იმდენად გადიდებულია, რომ ოსტატურად ახდენს ყოველივე ადამიანურის იმიტაციას. იმისთვის, რომ ადამიანმა შეწყვიტოს მანქანად ყოფნა და დაიბრუნოს საკუთარი ბუნება, საჭიროა მიზანმიმართული ძალისხმევა.
მსხვერპლის გაღების გარეშე ეს შეუძლებელია. მსხვერპლად მხოლოდ ზედმეტი და არასაჭირო როდი გაიღება-ხშირად იმის დათმობაა საჭირო, რაც ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი გვგონია: ჩვეული, კომფორტული ცხოვრების წესის, მატერიალური კეთილდღეობის, სოციალური სტატუსის თუ გავლენიანი პოზიციების.
ცრუ პიროვნება წარმატებითაა რეალიზებული, გამაგრებულია და მისი კომფორტის ზონიდან გამოყვანა უკიდურესად რთულია. ნებისმიერი ცვლილება, თუნდაც უმნიშვნელო, მექანიკური ადამიანის მიერ აღიქმება როგორც მტკივნეული მსხვერპლი, თითქოს ეს მისი პირადი, ხელშეუხებელი ტერიტორიის დარღვევა იყოს. ცრუ პიროვნებაში გატარებული წლები უკვალოდ არ ქრება-ის, ჰიდრას მსგავსად, ყველგან ავრცელებს თავის გავლენას და იკვებება ყოველი ახალი გამოცდილებით, მიღწევითა თუ შენაძენით.მაგრამ ეს ყოველივე ყალბი, შემთხვევითი და მექანიკურია.
ასეთივე მოჩვენებითი შეიძლება იყოს პროფესია, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სტატუსი, რეპუტაცია თუ ურთიერთობები. ცრუ პიროვნება გამალებით ეჭიდება თავის ყალბ წარმატებებს და არასოდეს აღიარებს მათ შემთხვევითობას.
მექანიკური ადამიანისთვის დამახასიათებელია ილუზიების ერთგულება და თვითმოტყუება-ოღონდ ყველაფერი უცვლელად დარჩეს, ოღონდ არაფერი შეიცვალოს.
ადამიანი-მანქანები ვერ აცნობიერებენ, რომ ყალბ საძირკველზე ნამდვილის აგება შეუძლებელია - იქ მხოლოდ ახალი ილუზია თუ აღმოცენდება. მსხვერპლი კი დროებითია. ის აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანურმა არსმა განვითარება და განმტკიცება შეძლოს, რათა ადამიანს კრისტალიზაციის რეალური შესაძლებლობა მიეცეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამოავლინეთ მოთმინება, სიმტკიცე და მიზანმიმართულობა“ - რისგან უნდა შეიკავოთ თავი 4 მაისს?
⭕„ჩემი სულის მეგობარი... ბიბი 14“ - ანუკი არეშიძის და კახა კალაძის შვილი იუბილარია
⭕„როგორ უყვართ ერთმანეთი...“ - ქეთი წიქვაძე შვილების ახალ კადრებს გვიზიარებს