Digest Logo

„ურთიერთობებს მაქსიმალურად ააქტიურებს და წინა პლანზე წამოსწევს“ - მერკური ტყუპების ზოდიაქოში: ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

1779113751
ხათუნა ნოელი

რა გავლენას მოახდენს პლანეტა მერკურის გადასვლა ტყუპები ზოდიაქოს ნიშანში? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი აქვეყნებს:

„გილოცავთ, პლანეტა მერკური 17 მაისს საკუთარი მმართველობის ნიშანში - ტყუპებში გადავიდა. ის აქ პირველი ივნისის ჩათვლით იმოძრავებს.

ამ ხნის მანძილზე, ღმერთების შიკრიკად წოდებული ეს პატარა პლანეტა მაქსიმალურად გააქტიურებს კომუნიკაციას, ინფორმაციის გაცვლას, სწავლას, გადაადგილებასა და ინტელექტუალურ საქმიანობას. ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენი გონება ხდება სწრაფი, მოქნილი და ცნობისმოყვარე.

როგორც დაკვირვებები ცხადყოფს, ამ ტრანზიტის დროს იზრდება ხოლმე ნაირ-ნაირი შეხვედრების, სატელეფონო ზარების, მესიჯებისა და წერილების რაოდენობა. ადამიანები უფრო ღიად და სწრაფად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს. შესაბამისად უფრო მარტივადაც მყარდება კონტაქტები, მოლაპარაკებების დროს ვხდებით უფრო დიპლომატიურები და გამჭრიახები. თუმცა დებატებიც არაა იშვიათი ხილი ამ პერიოდში. მაგრამ შედარებით უწყინარი, მშვიდი, თუ რა თქმა უნდა, მერკურის ნეგატიურ ასპექტებს არ დაემთხვა.

რადგან მერკური სწავლას, ინფორმაციას და ცნობისმოყვარეობას განაგებს, ჩნდება ახალი ამბების, წიგნების, პოდკასტებისა და კურსების მიმართ გაძლიერებული ინტერესი, და ეს მართლაც, საუკეთესო დროა ახალი უნარების შესაძენად, მოკლევადიანი სასწავლო კურსების დასაწყებად ან უცხო ენების შესასწავლად.

რა თქმა უნდა, ინფორმაციის დიდი ნაკადის გამო, არსებობს რისკიც, რომ ზედაპირულად შეეხოთ ბევრ თემას და სიღრმეებში არ შეხვიდეთ.

როცა გონება ასე სწრაფად აზროვნებს, მარტივად ჩნდება სურვილი, ერთდროულად ვაკეთოთ რამდენიმე საქმე, რამაც შესაძლოა კონცენტრაციის გაფანტვა გამოიწვიოს. მაგრამ ყველაფერი ხომ ისევ და ისევ ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული? გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაციის დიდი ნაკადის გამო, მოიმატებს ნერვული სისტემის გადაძაბვა, შფოთვა,უძილობა,გონებრივი გადაღლა, ამიტომ მნიშვნელოვანია დასვენებისათვის დროის გამონახვა.

მერკურის აბარია მოგზაურობა და ტრანსპორტიც, ესე იგი გაიზრდება ქალაქგარეთ გასვლების, მივლინებების სიხშირე. წინა პლანზე იწევს ავტომობილებთან, გაჯეტებთან და ასევე, ყოველდღიურ საბუთებთან, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. კარგი პერიოდია არამხოლოდ მანქანის, არამედ ველოსიპედის, სკუტერის, როლიკების ან მანქანის აქსესუარების შესაძენად.

იდეალური პერიოდია გაყიდვების, მარკეტინგული კამპანიებისა და სავაჭრო ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
ამ პერიოდში გასაოცრად სწრაფად ვპოულობთ ალტერნატიულ ვარიანტებს. ნივთის ყიდვამდე მარტივად ვადარებთ ფასებს სხვადასხვა მაღაზიებში. არ გვერიდება ფასდაკლების მოთხოვნაც.

საუკეთესო დროა სმარტფონების, ლეპტოპების, ელექტრონული წიგნების და ნებისმიერი საკომუნიკაციო მოწყობილობის შესაძენად. აქვე უნდა მოვიაზროთ წიგნები და სასწავლო მასალები; ინვესტიცია ამ მიმართულებით ძალიან გაამართლებს.

ასტროლოგიაში მერკური და მე-3 სახლი (რომლის ბუნებრივი მმართველიც ტყუპებია) პირდაპირ პასუხისმგებელია და-ძმებზე, მეზობლებსა და თანამშრომლებზე (ჩვენთან გათანაბრებულ პირებზე). შესაბამისად, ეს ტრანზიტი ამ ურთიერთობებს მაქსიმალურად ააქტიურებს და წინა პლანზე წამოსწევს. გვექნება ბევრი საერთო საქმე, მიმოწერა, შეხვედრა და იდეების გაცვლა. ნეგატიური ასპექტების დროს კი ურთიერთობის დაძაბვა და კამათიც შეიძლება მოგვიწიოს.

მერკურის ტრანზიტი ტყუპებში ჭორებისა და წვრილმანი ქურდობის/თაღლითობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საყურადღებო პერიოდია. ასტროლოგიაში მერკური ინფორმაციასთან ერთად მფარველობს ხერხებს, მოხერხებულობას და ცბიერებასაც. ჭორები სინათლის სიჩქარით ვრცელდება. ცალყურმოკრული ამბავი მომენტალურად ვრცელდება; ადამიანები მიდრეკილნი არიან ზედაპირულობისკენ, ინფორმაციას ბოლომდე არავინ ამოწმებს, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის ჭორების, დეზინფორმაციისა და ინტრიგებისთვის.

ამ პერიოდში ძალიან რთულია საიდუმლოს შენახვა. ენაზე კბილის დაჭერა ყველას უჭირს, ამიტომ პირადულ თემებზე საუბრისას მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ.

მერკური მარტო ღმერთების შიკრიკი არ იყო, სამწუხაროდ, ის ქურდების მფარველადაც ითვლებოდა ტყუპებს აბარია კიდურები, განსაკუთრებით კი თითები, ამიტომ „ხელის სიმარჯვე“ ამ დროს პიკს აღწევს. ხალხმრავალ ადგილებში, ტრანსპორტსა და მაღაზიებში განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება საფულეს, ტელეფონსა და გასაღებს. აქვე გეტყვით, რომ იმატებს წვრილმანი ტრავმების, დაჭიმულობისა და ნაკაწრების რისკი ხელების არეში.
ჯიბის ქურდობასთან ერთად, არც ვირტუალური და ფინანსური თაღლითობაა გამორიცხული, - მოსალოდნელია საეჭვო ზარების, მესიჯებისა და ე.წ. „ონლაინ-აფიორების“ მატება. არ გადარიცხოთ თანხები საეჭვო ბმულებზე და არ გაანდოთ პერსონალური კოდები უცნობებს.

მოსაფრთხილებელია საბუთებიც: ხელშეკრულებების გაფორმებისას აუცილებლად წაიკითხეთ წვრილი შრიფტით დაწერილი პირობები. არსებობს რისკი, რომ ვინმემ სიტყვებით ან საბუთებით მანიპულირება მოახდინოს თქვენს საზიანოდ.

მერკური და ტყუპები განაგებენ სასუნთქ სისტემას, ფილტვებს, ბრონქებს. თუ ეწევით, ამ პერიოდში ნიკოტინის დოზის შემცირება ძალიან წაგადგებათ. რეკომენდებულია ხშირი სეირნობა სუფთა ჰაერზე და შენობების ხშირი განიავება. მაგრამ გაითვალისწინათ ისიც, რომ იმატებს ალერგიების, ასთმური გამოვლინებების, ბრონქიტისა და ხველის ალბათობაც. ამიტომ აღიჭურვეთ შესაბამისი მედიკამენტებით. ოპერაციული ან სერიოზული სამედიცინო ჩარევები ფილტვებზე, ბრონქებზე, მხრებსა და ხელებზე (თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის) ნაკლებად რეკომენდებულია, რადგან ამ ორგანოების მგრძნობელობა პიკზეა.

მერკურის ტრანზიტი ტყუპებში ყველაზე დიდ წარმატებას, შემოქმედებით ენერგიასა და ფინანსურ წინსვლას მოუტანს მათ, ვისი საქმიანობაც ინფორმაციასთან, სიტყვასთან, ლოგისტიკასთან და ხელის სიმარჯვესთანაა დაკავშირებული. ეს პერიოდი განსაკუთრებით პროდუქტიული და იღბლიანი იქნება ჟურნალისტების, რეპორტიორებისა და ბლოგერებისათვის. წარმატებებს მიაღწევენ მწერლები, კოპირაიტერები და რედაქტორები, PR და მარკეტინგის სპეციალისტები, კურიერები და მძღოლები; იხეირებენ ლოგისტიკის და გაყიდვების მენეჯერები, ბროკერები და ტრეიდერები, ასევე გიდები და თარჯიმნები, რა თქმა უნდა მასწავლებლები, ლექტორები და ტრენერები.

ცხადია, ტრანზიტი ყველა ამ სფეროს წარმომადგენლებს ერთნაირად არ შეეხებათ - წაგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ მზის, მთვარით ან ასცენდენტით ტყუპები, სასწორები, ან მერწყულები ხართ. შესაძლოა გამოადგეთ ვერძებსა და ლომებსაც. სარგებელს ვერ მიიღებენ თევზები, ქალწულები და მშვილდები, შესაძლოა რომ ესენი სირთულეებს წააწყდნენ. დანარჩენებისთვის ნეიტრალურია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, პირად რუკაში რომელი ''სახლი'' გყავთ ტყუპებში, ანუ კონკრეტულად რა თემები გააქტიურდება თქვენთან.

და რადგან ეს ტრანზიტი საუკეთესო პერიოდია ბიზნესის, მარკეტინგისა და დოკუმენტაციის აქტივაციისათვის - გთავაზობთ ექსპრეს-მომსახურებას, სადაც, თქვენი პირადი რუკის გათვალისწინებით, შეგირჩევთ ზუსტ, პლანეტარულად ხელსაყრელ თარიღებს ახალი პროექტების გასაშვებად, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად ან რეკლამის დასაწყებად.

მართეთ მოვლენები კოსმოსის რიტმების გათვალისწინებით, რათა მიიღოთ მაქსიმალური მოგება იქ, სადაც ინფორმაცია და კომუნიკაცია წყვეტს ყველაფერს“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იზრდება შენი მომხიბვლელობა“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი თამუნა იოსელიანისგან

⭕„ასეთი ადამიანი უბედური არასოდეს არ იქნება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა