Digest Logo

🎥 2 დღე პაპის კონკლავამდე - ვატიკანი თეთრი კვამლის მოლოდინშია

1746381625
ვატიკანის „ეთიკის დოკუმენტ

ვატიკანი გლოვობს. მსოფლიოს უდიდეს, ქრისტიანულ ტაძარში ახლა ყველა, გასაიდუმლოებული რიტუალისა და დუმილში მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინშია. ახალი ეპოქის დასაწყისის მთავარი სიმბოლო სიქსტის კაპელას ბუხრიდან ამოსული თეთრი კვამლია.

რომის ახალი პაპის ბედი ძველმა ტრადიციამ და ახალმა კონკლავმა უნდა გადაწყვიტოს.

კათოლიკური სამყაროს მეთაურის ასარჩევად, ვატიკანში ბოლო სამუშაოები სრულდება.

135 კარდინალი ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ემზადება. მათგან ყველას, ვინც 80 წელს მიუღწეველია, შეუძლია, პონტიფიკოსი გახდეს.

1378 წლიდან, პონტიფიკოსი მხოლოდ კარდინალთა რიგებიდან ირჩევა, კარდინალის წოდებას კი სასულიერო პირებს რომის პაპი ანიჭებს.

არავინ იცის, რა შედეგით და როდის დასრულდება პაპის კონკლავი. სანამ საუკუნოვანი რიტუალი შესრულდება, მედიაში ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები მათ შესახებ, ვინც პაპის ტახტის დაკავების რეალურ კანდიდატად განიხილება.

კარდინალი პიეტრო პაროლინი ვატიკანის სახელმწიფო მდივანია. მის უპირატესობად დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს მიიჩნევენ. წარმოშობთ იტალიელია, რაც ასევე შეიძლება იყოს გათვალისწინებული პონტიფიკოსის არჩევისას, რადგანაც უკანასკნელი სამი პაპი იტალიელი არ ყოფილა.

იტალიელი კარდინალი მატეო ძუპი ბოლონიის არქიეპისკოპოსი 2019 წელს გახდა და კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა. 2023 წელს, ფანცისკემ ძუპი იტალიაში ვატიკანის მშვიდობის დესპანად დანიშნა.

პაპობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი კი პიერბატისტა პიცაბალაა, რომელიც 2023 წელს გახდა კარდინალი. მას ახლო აღმოსავლეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იკავებს იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქის თანამდებობას.

კათოლიკური ეკლესიის კონსერვატიული ფრთიდან პაპობის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატია უნგრელი არქიეპისკოპოსი პეტერ ერდიო. ის ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და განქორწინებული და ხელახლა ჯვარდაწერილი კათოლიკეების ზიარების მოწინააღმდეგეა. ერდიო არასდროს დაპირისპირება პაპს საჯაროდ.

კანდიდატებს შორის არიან განელი კარდინალი პიტერ ტარკსონი და მალტელი მარიო გრეკი.

ფილიპინელ კარდინალს აზიელ ფრანცისკესაც კი უწოდებენ. ლუის ანტონიო ტაგლე წლების განმავლობაში მრავალ სოციალურ საკითხში იყო ჩართული, ეხმარებოდა ღარიბებს. ბოლო დღეებში მასზე ბევრს წერს დასავლური პრესა და კარდინალს ერთ-ერთ ყველაზე პოტენციურ კანდიდატად განიხილავს.

კათოლიკური სამყაროს მეთაურის ასარჩევად, საჭიროა 90-ს პლუს ერთი ხმა, კენჭისყრა შეიძლება რამდენჯერმე ჩატარდეს. როცა კენჭისყრა დასრულდება, ახალ პაპს სთხოვენ თანხმობას და აგრეთვე მან უნდა თქვას - რა სახელით სურს პაპობა.

პაპის არჩევას მსოფლიო შეიტყობს მას შემდეგ, რაც ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელი ქაღალდის ბიულეტენებს სპეციალური ნივთიერებების გამოყენებით დაწვავს და კაპელიდან თეთრი კვამლი ამოვა. სხვაგვარ ნივთიერებებს იყენებენ უშედეგო კენჭისყრის ნიშნად, შავი კვამლის ასაშვებად.

კარდინალთა კოლეგიის დეკანი წმინდა პეტრეს ტაძრის მთავარი აივნიდან გამოაცხადებს - Habemus Papam (გვყავს პაპი). ამის შემდეგ ახალი პაპი გამოვა და მოედანზე შეკრებილ ხალხს დალოცავს.

პაპის კონკლავზე განვითარებული მოვლენის საიდუმლოდ შენახვა მხოლოდ საუბრებს არ ეხება - ის მაგიდებზე, ხელსახოცებსა და საკვების მიწოდების წესზეც კი ვრცელდება.

პაპის არჩევის დროს, კარდინალები სრულ იზოლაციაში გადადიან. მათი კვების რაციონი კი მკაცრად კონტროლდება. ის გულდასმით მოწმდება, რათა არ მოხდეს რაიმე შეტყობინების გაგზავნა და ამ მხრივ კარდინალებზე ზეგავლენის მოხდენა. საკვები მზადდება პაპის რეზიდენციაში და მიწოდებაც ზედამხედველების ქვეშ ხდება.

კარდინალებს არ აქვთ მობილური ტელეფონები და კომპიუტერები. არ შეუძლიათ ახალ ამბებზე წვდომა. გარედან წერილების ან სპეციალური ნივთების მიღებაც კი ეკრძალებათ.

რომის პაპის ტახტის დაკავებისას, დიდ როლს თამაშობს კანდიდატის სამშობლო, ასევე - ასაკი. როგორც ცნობილია, 266 პაპიდან 217 იტალიელი იყო. მომავალი რომის პაპი არც ძალიან ახალგაზრდა უნდა იყოს. 200 წლის განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმე პაპი არ იყო 60 წლის, დანარჩენთა საშუალო ასაკი დაახლოებით 67 წელია.

ბოლო ორი კონკლავი, 2005 და 2013 წლებში, მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. თუმცა, კარდინალთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ახალი კონკლავი უფრო მეტხანს გაგრძელდეს, რადგან პაპ ფრანცისკეს მიერ დანიშნული კარდინალები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

იმ დროს, როცა მსოფლიო პაპის მოლოდინშია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სურათს სოციალურ ქსელში ავრცელებს. მანდამდე, 29 აპრილს, ტრამპმა იხუმრა კიდეც, რომ პაპობა მისი პირველი არჩევანი იქნებოდა.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად, 21 აპრილს გარდაიცვალა. პონტიფიკოსი რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.

ვატიკანში ახლა გლოვა და სიჩუმეა, რომელიც კათოლიკური სამყაროს ყველაზე დიდმა რელიგიურმა რიტუალმა და ზეიმმა უნდა ჩაანაცვლოს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გარდაცვლილი ადამიანების სხეულის ნაწილების, თავის ტვინის, გულის ნაცვლად, პატიმარი ზედმეტ სახელად „სომეხა“ ალაგებდა ჯოხებს, აგურებს, იატაკის ჭუჭყიან ჩვრებს, ზოგჯერ ნაგავს“ - ფრაგმენტი სულხან მოლაშვილის უცნობი ინტერვიუდან

⭕„ამბობენ, კაკუნის ხმა დღემდე ისმისო...“ - სახლი თბილისში, რომელიც ღვინით არის აშენებული

⭕ „ფული მოიპარეს... თეონა ბაღდავაძემ სამჯერ მიჩივლა და წააგო სასამართლო სამივე ინსტანციაში...“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

წყარო: rustavi2.ge