ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია – შესანიშნავი მსახიობი, კინორეჟისორი, ჰუმანიტარი და, რა თქმა უნდა, სილამაზის ეტალონი. მან ლოს-ანჯელესში, 25 მილიონ დოლარად, ახალი მდიდრული სახლი შეიძინა. ამ ისტორიულ მამულს „დემილის ბინას“ უწოდებენ – მისი ყოფილი მფლობელის, ცნობილი კინორეჟისორის, სესილ დემილის პატივსაცემად. ინსაიდერები კი ამ ადგილს უკვე ანჯელინა ჯოლის „ედემის ბაღსაც“ ეძახიან.
მამული, რომელიც 8.5 ჰექტარს მოიცავს, 1913 წელსაა აგებული და ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ გარეუბანში, ლოს-ფელიზში მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება - ხელისგულივით მოჩანს როგორც მთელი ქალაქი, ისე ოკეანეც.
მთავარი შენობის ექვსწლიანი რესტავრაცია ახლახან დასრულდა. საბედნიეროდ, სახლმა თავისი თავდაპირველი სტილი შეინარჩუნა, თუმცა დაემატა რამდენიმე თანამედროვე ელემენტი, რომელთა გარეშეც ჰოლივუდის ვარსკვლავის ცხოვრება წარმოუდგენელია.
აღსანიშნავია, რომ ნაგებობას ჯორჯიანული არქიტექტურის მკაფიო შტრიხები ახასიათებს: შენობის სტაბილურობისთვის, პირველი სართულის ფანჯრები ოდნავ მცირე ზომისაა, ხოლო მეორე სართულზე მოგრძო, მართკუთხა ფორმის ფანჯრები გვხვდება. ასევე, რამდენიმე ფანჯარასა და მთავარ კარს ზემოდან ორნამენტებით დაყოფილი, მარაოს ფორმის მცირე ზომის სარკმელები ამშვენებს.


შიგნით შესვლისას სტუმარი გრანდიოზულ ფოიეში აღმოჩნდება, საიდანაც მეორე სართულზე მდიდრული, მოღუნული კიბე ადის. პირველ სართულზე განთავსებულია სასტუმრო ოთახი, სასადილო, სამზარეულო და ბიბლიოთეკა. ფოიეს კედლები და ჭერი ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. იქვე განთავსებული სკამები და ცენტრალური მრგვალი მაგიდა თითქოს შთანთქავს ამ სინათლეს, რაც სივრცეს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს მატებს.


რაც შეეხება მეორე სართულს, აქ განთავსებულია ექვსი საძინებელი და რამდენიმე სააბაზანო, რომლებიც ორიგინალურ არტ-დეკო სტილს ინარჩუნებენ. ამასთანავე, მათში რომაული აბანოების ელემენტებიც იგრძნობა – თეთრი აგურის კედლები და კედლის ჰორიზონტალურად გამყოფი დახვეწილი ორნამენტები.

საინტერესოა, რომ ოპრა უინფრის მსგავსად, ანჯელინას მამულშიც არის ცალკე მდგომი „ჩაის სახლი“. როგორც ჩანს, ჩაის სმა მსოფლიო დონის ვარსკვლავთა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი რიტუალია.


სახლიდან გამოსვლისას ხვდებით ძვირფას პაციოს (შიდა ეზოს), საიდანაც გზა უზარმაზარ ბაღში გრძელდება. მოვლილი ხეები, ვარდების ხეივნები და ძველებური ჰოლივუდური სტილის შადრევნიანი აუზი ნამდვილად კინოფილმში დაგაკარგვინებთ თავს.
