აშშ-ში, არიზონას შტატში მდებარე „გრანდ-კანიონის“ ეროვნულ პარკში მომხდარი უეცარი წყალდიდობის შემდეგ 20 მოლაშქრე დაკარგულად ითვლება.
აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის - {NPS} ინფორმაციით, სტიქია „ბრაით ენჯელისა“ და „ფანტომ რენჩის“ ტერიტორიებს დაატყდა თავს. ძლიერმა წყალდიდობამ მდინარე კოლორადოში უზარმაზარი ლოდები, ლითონის კონსტრუქციები და სხვადასხვა ნარჩენები ჩაიტანა.
სტიქიის ადგილიდან სულ მცირე 62 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულთა და დაკარგულთა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებია ჩართული, თუმცა ჯერჯერობით დაკარგულების მიგნება ვერ ხერხდება.
წყალდიდობამ თითქმის სრულად გაანადგურა საფეხმავლო ხიდები, რის გამოც გადაადგილება შეიზღუდა. უსაფრთხოების მიზნით, ტურისტული ბილიკები და კემპინგის ზონები განუსაზღვრელი ვადით დაიხურა. სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს დროებით თავშესაფარს ამერიკული „წითელი ჯვარი“ უზრუნველყოფს.
პარკის ადმინისტრაციამ მოსახლეობასა და ტურისტებს მიმართა, მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია იმ მოგზაურთა შესახებ, რომლებიც 29 აგვისტოს აღნიშნულ მარშრუტებზე იმყოფებოდნენ.
სინოპტიკოსები რეგიონში კვლავ ძლიერ წვიმას და ახალი წყალდიდობების საფრთხეს პროგნოზირებენ.