Digest Logo

აშშ-ში ბავშვი დაიბადა ემბრიონისგან, რომელიც 31 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაყინული

1791284154
31 წლის განმავლობაში გაყინული ბავშვი

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, თადეუს დენიელ პირსი დაიბადა - ბავშვი, რომლის ემბრიონიც 1994 წელს შეიქმნა და დაბადებამდე 31 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კრიოკონსერვაციაში ინახებოდა.

Guinness World Records-ის მიხედვით, ემბრიონი 1994 წლის მაისში, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის შედეგად შეიქმნა. ოთხი ემბრიონიდან ერთ-ერთი იმავე პერიოდში გადაიტანეს ქალის საშვილოსნოში, რის შედეგადაც 1995 წელს გოგონა დაიბადა, დანარჩენი სამი კი თხევად აზოტში, დაახლოებით -196°C ტემპერატურაზე გაყინეს.

წლების შემდეგ ემბრიონები Snowflakes-ის პროგრამის ფარგლებში სხვა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი გახდა. თადეუსის მშობლებმა, ლინდსიმ და ტიმ პირსებმა, ემბრიონი 2024 წელს მიიღეს.

2024 წლის ნოემბერში ორი ემბრიონი ლინდსი პირსის საშვილოსნოში გადაიტანეს. მათგან ერთმა განვითარება განაგრძო და 2025 წლის 26 ივლისს თადეუს დენიელ პირსი დაიბადა.

მისი დაბადებით დამყარდა მსოფლიო რეკორდი - ის გახდა ყველაზე ხანგრძლივად გაყინული ადამიანის ემბრიონისგან დაბადებული ბავშვი. ემბრიონი გამოყენებამდე მინიმუმ 31 წელი და 56 დღე იყო კრიოკონსერვაციაში.

თადეუსის მშობლებმა განაცხადეს, რომ მათ თავდაპირველად რეკორდის დამყარება არ ჰქონდათ მიზნად - მათი ერთადერთი სურვილი ბავშვის გაჩენა იყო.

ახლა თადეუსს ჰყავს ბიოლოგიური და, რომელიც მასზე თითქმის 30 წლით უფროსია. მისი დაბადება კი ნაყოფიერების მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო შემთხვევად ითვლება.

✕