
„სახურავის ბინადარი“ „კარლსონის“, „პეპი გრძელი წინდას“ და სხვა არაერთი მსოფლიოში აღიარებული ნაწარმოების ავტორი ასტრიდ ლინდგრენი დღეს 114 წლის გახდებოდა.
შვედი მწერლის იუბილე დღეს არაერთ ქვეყანაში განსაკუთრებულად აღინიშნება, მათ შორის საქართველოში.
ასტრიდ ლინდგრენი ის მწერალია, რომელსაც ყველა პატარას ბებიას უწოდებენ და თანამედროვე ბავშვებისთვისაც ახლობელი და ძვირფასია.
„ასტრიდი ისეთი დედა კი არ იყო, რომელიც შვილს პარკში წაიყვანდა სასეირნოდ, თვითონ ხის სკამზე ჩამოჯდებოდა და შეხედავდა, როგორ თამაშობს. არა, ის შვილთან ერთად ჩაწვებოდა ქვიშაში, ამოიგანგლებოდა და მასავით ერთობოდა“ - იხსენებს მწერლის ქალიშვილი, კარენი.
„პეპი გრძელიწინდა“, „კარლსონი“, „ყაჩაღის ასული რონია“, „ემილი ლიონებერგიდან“, „ძმები ლომგულები“, „მაწანწალა რასმუსი“, - ეს ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გარეშეც ბავშვობა წარმოუდგენელია.
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრებიდან რამდენიმე გამონათქვამს და ცოტა ხნით ბავშვობაში დაგაბრუნებთ.
***
– „სისულელეა, – წამოიძახა პეპიმ, – როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია “ – „პეპი გრძელიწინდა“.
***
– „დღეს ხომ დაბადების დღე არა გვაქვს, – თქვეს ბავშვებმა.
პეპიმ გაკვირვებულმა შეხედა მათ და თქვა:
– მაგრამ მე მაქვს დაბადების დღე. ნუთუ მე არ შემიძლია საკუთარ თავს იმით მივანიჭო სიამოვნება, რომ საჩუქრები მოგცეთ? იქნებ, თქვენს სახელმძღვანელოებში წერია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება?...“ – „პეპი გრძელიწინდა“
***
– „არა, არა, მე ამას არ შევჭამ – ეს რა არის: ერთი ღვეზელი და რვა სანთელი. უკეთესი იქნებოდა – რვა ღვეზელი… და ერთი სანთელი, აბა, რას იტყვი?
– დამიჯერე, კარლსონ, ბედნიერება ღვეზელში არ არის…“ – „სახურავის ბინადარი კარლსონი“.
***
„ხალხმა რომ იცოდეს, რა სასიამოვნოა სახურვებზე სიარული, ქუჩაში აღარავინ ივლიდა,“ – “სახურავის ბინადარი კარლსონი".
***
- „პეპი, უკვე ერთი წელია, რაც აქ ცხოვრობ, - თქვა უცებ ანიკამ.
- ჰო, დრო შეუმჩნევლად გარბის, სიბერე ისე მოგეპარება, ვერც გაიგებ. შემოდგომაზე ათი წელი შემისრულდება, საუკეთესო წლები უკან მოვიტოვე,“ – „პეპი გრძელიწინდა“.
****
– „გიყვარვარ მაინც?..
- აბა რა, მიყვარხარ, სინდისს ვფიცავ! ბევრჯერ ვიმტვრიე თავი სადილის შემდეგ უძილობით გატანჯულმა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ მიყვარხარ, - კარლსონმა ხელი მოუთათუნა ბიჭს ლოყაზე. - მიყვარხარ, მიყვარხარ. ვხვდები კიდეც, რატომ, შენ მე არა მგავხარ პატარა ბიჭო!
კარლსონი მაღლა აიჭრა და ბიჭუნას ხელი დაუქნია...“ – „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი.“
***
„ჩორვენი წავიდა. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარა, შემობრუნდა:
- ძია მელკერ, იცი, რას გეტყვი?
რადგან ისე ვერ წერ, მე რომ გავიგო, საერთოდ გაანებე წერას თავი“, - „ჩვენც სალტკროკელები ვართ.“
***
- ახლა ხომ წვიმს პეპი, გაუკვირდა ტომის - წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?- მე ვრწყავ, უპასუხა პეპიმ, - მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ნუ მისცემთ ბავშვს სიცხის დამწევს... გამოიყენეთ ხალხური მეთოდები“ - ინგა მამუჩიშვილი