ესპანეთში, ბრენდ „მანგოს“ დამფუძნებლის, ისა ანდიკის ვაჟი, ჯონათან ანდიკი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
თავდაპირველი ვერსიით, ტანსაცმლის იმპერიის დამფუძნებელი, 71 წლის ისაკ ანდიკი, 2024 წლის დეკემბერში ბარსელონასთან ახლოს, მონსერატის მთებში ლაშქრობისას კლდიდან გადაიჩეხა და გარდაიცვალა. მაშინ ითვლებოდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო (ფეხი დაუცდა) და პოლიციამ საქმე მალევე დახურა. ვინაიდან ტრაგედიის მომენტში მამა-შვილი მარტო იყვნენ, ჯონათანი ერთადერთი მოწმე იყო.
მოგვიანებით გამოძიება განახლდა, რადგან პოლიციამ ჯონათანის ჩვენებებში უზუსტობები აღმოაჩინა. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, მამასა და შვილს შორის ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა იყო კომპანიაში გავლენების გადანაწილების გამო.
ესპანეთის, კატალონიის პოლიციამ ჯონათან ანდიკი, რომელიც ამჟამად Mango-ს დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეა, ოფიციალურად დააკავა განზრახ მკვლელობით მუხლით.
საქმის ფარგლებში დაკითხეს როგორც პოლიციის თანამშრომლები და ისაკ ანდიკის მძღოლი, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ, ასევე მილიარდერის პარტნიორი გოლფისტი ესტეფანია კნუტი. მან მამა-შვილის ურთიერთობა დაძაბულად დაახასიათა, რამაც გამომძიებლების დამატებითი ინტერესი გამოიწვია.
დღევანდელი მდგომარეობით, სასამართლომ მას 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაო შეუფარდა, რომელიც მან უკვე გადაიხადა და საპატიმრო დატოვა, თუმცა ჩამოართვეს პასპორტი და ყოველკვირეულად პოლიციაში გამოცხადება დაავალეს.
თავად ანდიკების ოჯახი და ჯონათანის ადვოკატები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ, მას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სასამართლოზე შვილის უდანაშაულობას აუცილებლად დაამტკიცებენ.