
ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები აშშ-ის სასამართლოს „მეცნიერულ მტკიცებულებებს“ წარუდგენენ იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ნამდვილად ქალია.
ამის შესახებ სტატიას „ბიბისი“ აქვეყნებს.
საფრანგეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ადვოკატების ინფორმაციით, მაკრონების ოჯახი „მეცნიერულ მტკიცებულებებს“ ფოტოებსაც დაურთავენ.
მაკრონები აღნიშნულ დოკუმენტაციას წარადგენენ სარჩელში, რომელიც მათ ცილისწამებისთვის ამერიკელი ჟურნალისტის, კენდის ოუენსის წინააღმდეგ შეიტანეს.
სარჩელის მიზეზი ჟურნალისტის პოდკასტები გახდა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი კაცად დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი ჟან მიშელ ტრონიო იყო.
მაკრონების ადვოკატმა, ტომ კლერმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ „საფრანგეთის პირველი ლედისკენ მიმართული ცილისწამება ბრიჯიტ მაკრონის განსაკუთრებულ შეშფოთებას იმიტომ იწვევდა, რომ ეს საკითხი ემანუელ მაკრონის მხრიდან ყურადღების გადატანას იწვევდა“.
კლერის თქმით, აღმაშფოთებელია, რომ მაკრონების ოჯახს სასამართლოში ამ ტიპის მტკიცებულებების წარდგენა უწევს.
„ეს არის პროცესი, რომლის გავლაც მათ საჯაროდ მოუწევთ, თუმცა მზად არიან ამისთვის. მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გააკეთონ ყველაფერი, რაც ვითარების გამოსასწორებლად არის საჭირო“, – განაცხადა მაკრონების ოჯახის ადვოკატმა.
ამასთან, ტომ კლერმა აღნიშნა, რომ არსებობს ბრიჯიტ მაკრონის ფეხმძიმობისა და შვილების აღზრდის ფოტოები, რაც სასამართლოში სხვა მტკიცებულებებთან ერთად იქნება წარდგენილი.
ცნობისთვის, თავდაპირველად მაკრონების ოჯახმა ცილისწამებისთვის სარჩელი შეიტანეს ფრანგი ბლოგერების, ამანდინ როის და ნატაშა რეის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული YouTube-ის ვიდეოს საფუძველზე. 2024 წელს მაკრონების ოჯახმა ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლოში საქმე მოიგო, თუმცა 2025 წელს ეს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გამოხატვის თავისუფლების საფუძველზე გაუქმდა. ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები ახლა ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში მაკრონების ოჯახმა სარჩელი ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ შეიტანა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღიმილის დედოფალო“ - ბაბი კირკიტაძის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა