Digest Logo

„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა ცოლთან დაშორებაა“ - გრიგორი ლეპსი ქართულ ფესვებზე, წარსულსა და პირად ცხოვრებაზე

1788345980
გრიგორი ლეფსი

რუსული ესტრადის ვარსკვლავმა, წარმოშობით ქართველმა მომღერალმა გრიგორი ლეპსმა (ლეფსვერიძემ) აზერბაიჯანელ შემსრულებელსა და ბიზნესმენ ემინ აგალაროვთან ინტერვიუში ბავშვობაზე, განვლილ გზასა და პირად ტრაგედიებზე გულახდილად ისაუბრა.

მუსიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოჭში დაიბადა, მისი ოჯახური ფესვები საქართველოდან იღებს სათავეს.

„მე არ მიცხოვრია საქართველოში, თუმცა ჩემი მშობლები იქიდან იყვნენ. დედა სვანია... ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და ბევრს ვვარჯიშობდი, თუმცა მუხლის ტრავმის გამო იძულებული გავხდი, სპორტზე უარი მეთქვა. საბედნიეროდ, ბიძაჩემი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა, მან მასწავლა დაკვრა და ამ მიმართულებით განვვითარდი. 13 წლიდან სკოლის ანსამბლში ვუკრავდი და ვმღეროდი“, - იხსენებს ლეპსი.

მუსიკოსი ჰყვება, რომ სოლო კარიერის დაწყებამდე რესტორნებში მღეროდა, მოგვიანებით კი მოსკოვში როკ-ჯგუფში მიიწვიეს. თუმცა, მიხვდა, რომ ეს მისი ჟანრი არ იყო, ქალაქში დაბრუნდა და სოლო პროექტებზე მუშაობა მოგვიანებით დაიწყო.

დღესდღეობით ლეპსი აღიარებს, რომ სურს ძალები სხვა სფეროშიც სცადოს, თუმცა მუსიკა ჯერჯერობით მისი შემოსავლის ერთადერთი სტაბილური წყაროა.

„ბიზნესისკენ ჩემი ტვინი მომართული არ არის. მუსიკა ერთადერთია, რასაც ახლა სტაბილური შემოსავალი მოაქვს, ეს კი აუცილებელია, რადგან შვილები მყავს. ოფიციალურად ოთხი შვილი მყავს - უფროსი, ინგა, 42 წლისაა. ყველა შვილთან ვმეგობრობ, თუმცა ისინი უჩემოდ გაიზარდნენ, რადგან მუდმივად გასტროლებსა და კონცერტებზე ვიყავი. თითო კვირას ვატარებდი სახლში, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახი უზრუნველყოფილი ყოფილიყო - ეს მამაკაცის მოვალეობაა“, - აცხადებს მომღერალი.

ინტერვიუში შემსრულებელი განსაკუთრებულად შეეხო ყოფილ მეუღლესთან, ანიასთან დაშორების თემას, რომელთანაც 20-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა.

„მასთან დაშორება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომაა. იმ დროს ჩემი ცხოვრების წესმა მოიტანა ეს... ძალიან ვინანიებ, თუმცა დროს უკან ვერ დააბრუნებ. მე ყველა ქალი კარგი მყავდა, კაცმა არ უნდა ილაპარაკოს თავის ქალებზე ცუდად და არც სხვას მისცეს ამის უფლება. ახლაც არის ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი, კეთილი და მშვენიერი გოგონა. კაცისთვის მნიშვნელოვანია, გვერდით ქალი ჰყავდეს“, - აღნიშნა ლეპსმა.

მომღერლის თქმით, მას კიდევ სურს ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა.

იგი ბავშვის აყვანაზეც ფიქრობს, თუმცა, ვინაიდან სრული ოჯახი არ აქვს, ამ ეტაპზე კანონმდებლობა ამის უფლებას არ აძლევს:

„რთული პროცესია, თუმცა ალბათ მივაღწევ. მინდა, ერთი ბავშვი მაინც ავიყვანო“, - დასძინა მან.

წყარო: mshoblebi.ge