Digest Logo

„ჩემს შვილებს ტელეფონები არ აქვთ“ - შაკირამ შვილების აღზრდის მკაცრ წესებზე ისაუბრა

1786434705
შაკირა და შვილები

მსოფლიო ვარსკვლავმა შაკირამ ესპანური ტელევიზიის (RTVE) გადაცემაში - Al cielo con ella სტუმრობისას საკუთარი აღზრდის მეთოდებზე, კერძოდ კი შვილების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მკაცრ წესებზე ისაუბრა.

მომღერლის თქმით, 11 წლის მილანსა და 9 წლის საშას საკუთარი ტელეფონები არ აქვთ, ხოლო ინტერნეტში ვიდეოების ყურება და YouTube-ით სარგებლობა მათთვის სრულად აკრძალულია.

iPad-ით სარგებლობა ბიჭებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, შაბათ დილას, დაახლოებით ერთი საათით შეუძლიათ.

„ჩვენს სახლში ტელეფონები არ არის. ჩემს შვილებს არ აქვთ სმარტფონები. მინდა, რომ მათ ჰქონდეთ ნამდვილი ბავშვობა - ირბინონ, ითამაშონ, იურთიერთონ ადამიანებთან და არ ისხდნენ ეკრანებთან მიჯაჭვულები. ციფრული სამყარო მათ არსად გაექცევათ, ამის დროც მოვა, მაგრამ ახლა მათი ფსიქიკისა და რეალური აღქმის ჩამოყალიბების პერიოდია მინდა, რომ ჩემმა შვილებმა რეალური ცხოვრებით ტკბობა ისწავლონ და არ იყვნენ დამოკიდებულნი ლაიქებზე, კომენტარებსა თუ უცხო ადამიანების აზრზე“,- აღნიშნა შაკირამ.

ინტერვიუში არტისტმა ისიც გაიხსენა, რომ შვილების ცხოვრების პირველ წლებში აშშ-ში ბევრ მსხვილ კარიერულ შეთავაზებასა და კონტრაქტზე თქვა უარი, რადგან ოჯახთან გატარებული დრო მისთვის უპირატესი იყო.

„როდესაც ბიჭები პატარები იყვნენ, მე უარი ვთქვი უამრავ პროექტზე, ტურნესა და კონტრაქტზე ამერიკაში. ბევრმა ეს ვერ გაიგო, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი უპირობოდ შვილები იყო. კარიერა და ახალი ალბომები ყოველთვის დაიცდის, მაგრამ ის წლები, როდესაც შენი შვილი იზრდება და შენს გვერდით ყოფნას საჭიროებს, აღარასოდეს დაბრუნდება“, - აღნიშნა შაკირამ.

მან ასევე დასძინა, რომ ბავშვებს ურჩევს, ინტერნეტში საკუთარი ან მამის ჟერარ პიკეს სახელიც კი არ მოძებნონ, რათა არასაჭირო ნეგატივს მოერიდონ.