ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კულუარებიდან წლის ყველაზე უცნაური და სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. სამეფო ბიოგრაფის, ენდრიუ ლოუნის უახლესი განცხადებით, პრინცესა დაიანასა და მის რძალს, იორკის ჰერცოგინია სარა ფერგიუსონს შორის უმსხვილესი კონფლიქტი და მეგობრობის სამუდამო დასასრული ერთ-ერთ წიგნს უკავშირდება.
როგორც ირკვევა, 1996 წელს სარა ფერგიუსონმა გამოსცა ავტობიოგრაფიული მემუარები My Story (ჩემი ისტორია), სადაც უზომოდ უხერხული და უცნაური რამ ჩაწერა. ფერგიუსონმა წიგნში საჯაროდ განაცხადა, რომ ერთხელ პრინცესა დაიანასგან ფეხსაცმელი ითხოვა, მისი ჩაცმის შემდეგ კი... ფეხის გადამდები მეჭეჭები (ვერუკა) გაუჩნდა.
ავტორის თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელებამ ლედი „დი“ საგონებელში ჩააგდო და საშინლად განარისხა.
პრინცესა დაიანამ ეს ფაქტი პირად შეურაცხყოფად, რეპუტაციის შელახვად და უდიდეს ღალატად აღიქვა. მას მიაჩნდა, რომ სარა საზოგადოებაში მისი იმიჯის დაზიანებას ცდილობდა და მათ პირად ცხოვრებას ზედმეტად საჯაროს ხდიდა.
ამ ინციდენტის შემდეგ, დაიანამ სარასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა. წყაროები ადასტურებენ, რომ ყოფილი მეგობრები და ნათესავები 1997 წელს, პრინცესა დაიანას პარიზის ტრაგედიამდე, ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ.
მოგვიანებით, სარა ფერგიუსონი თავის ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ დაიანა მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რატომ გაცივდა მათი ურთიერთობა, თუმცა, როგორც ჩანს, სამეფო ბიოგრაფებმა სიმართლეს ფარდა საბოლოოდ ახადეს.


წყარო: people.com