კაიროს სასამართლომ ეგვიპტელ ტელეწამყვან სარა ხალიფასა და კიდევ 11 პირს სინთეტიკური ნარკოტიკების წარმოებისა და დისტრიბუციის მასშტაბურ საქმეზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ხალიფა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია ტელეარხ „ალ-მეჰვარის“ კრიმინალური გადაცემით „შეუსრულებელი მისია“, გამოძიების ვერსიით, ნარკოქსელის დაფინანსებასა და კოორდინაციას უზრუნველყოფდა.
საქმეში სულ 28 ბრალდებული ფიგურირებდა. სასამართლომ 12 პირს, მათ შორის სარა ხალიფასა და მის ძმას, მოჰამედს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, 9 ბრალდებულს - სამუდამო პატიმრობა, ხოლო 7 პირი გაამართლა.
საგამოძიებო დოკუმენტების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფმა ორმა ბრალდებულმა ჩინეთში შეიძინა ნედლეულის პარტიები და დამზადების ინსტრუქციები. ქსელის წევრები ქიმიკატებს ურევდნენ, ახალ პარტიებს მომხმარებლებზე ცდიდნენ, შემდეგ კი აფუთავდნენ და ანაწილებდნენ.
პროკურატურამ ხალიფას ტელეფონში აღმოაჩინა WhatsApp-ის მიმოწერა, ვიდეოები და ჩამორთმეული ბლოკნოტი, სადაც ხალიფას ხელწერით ჩამოწერილი იყო სახელები, რიცხვები და ფინანსური ხარჯები.
სიკვდილით დასჯილებს, ძირითად სასჯელთან ერთად, 500 000 ეგვიპტური ფუნტის, დაახლოებით 8 000 ევრო ოდენობის ჯარიმაც დაეკისრათ.
გამოძიება 2025 წლის აპრილში დაიწყო. კაიროში მდებარე ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საერთო რაოდენობამ 750 კილოგრამს გადააჭარბა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საუბარი იყო MDMB-4en-PINACA-ზე ძლიერ სინთეზურ კანაბინოიდზე, რომელიც 2021 წლიდან საერთაშორისო კონტროლის ქვეშაა მძიმე გვერდითი მოვლენებისა და სიკვდილიანობის მაღალი რისკის გამო.
ასევე, კაიროს სასამართლომ ხალიფას ცალკე საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამომძიებლებმა მის ტელეფონში იპოვეს ვიდეოები, სადაც ასახულია, თუ როგორ აშიშვლებენ, სცემენ და იღებენ ვიდეოს მისივე სახლში მის ახალგაზრდა მძღოლს. ამ საქმეზე კიდევ სამ პირს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.
ხალიფა ბრალდებებს მუდმივად უარყოფს. მისი ადვოკატის, მოჰამედ ელ-გენდის თქმით, დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ექსპერტების შეფასებით, საქმე დასრულებული არ არის, რადგან ზემდგომ ინსტანციასა და საკასაციო სასამართლოს შეუძლიათ გადახედონ მტკიცებულებებს და შეამსუბუქონ ან გააუქმონ სასჯელი.
ეგვიპტეში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მძიმე დანაშაულებზე სიკვდილით დასჯა კვლავ მოქმედებს. Amnesty International-ის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის 23 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა წლის 13 შემთხვევასთან შედარებით, რაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის საგანია.