Digest Logo

11 სექტემბრის ახალმთვარეობის ასტროლოგიური მიმოხილვა და რეკომენდაციები - ვინ იგრძნობს მზის და მთვარის შეერთებას განსაკუთრებით ძლიერად?

1788933266
დაბნელება დაბნელება

11 სექტემბრის ახალმთვარეობის ასტროლოგიური მიმოხილვა და რეკომენდაციები:

11 სექტემბერს სრულდება ერთი მთვარის ციკლი, რომელიც 12 აგვისტოს მზის დაბნელებით დაიწყო. თბილისის დროით 07:27 საათზე, ქალწულის ნიშნის 18-19 გრადუსზე კი ახალი მთვარის თვე იწყება. სანამ ამ მოვლენას ასტროლოგიურად შევაფასებდეთ, გავიხსენოთ ახლახან დასრულებული დაბნელების დერეფანი, რომელიც 12-იდან 28 აგვისტომდე გრძელდებოდა.

ბევრისთვის ეს პერიოდი უკიდურესად ემოციური, ბუნდოვანი და არასტაბილური აღმოჩნდა.

ქალწულის მზარდი ენერგია კი რეალობის საღ აღქმას გვიბრუნებს. ეს ჰგავს მომენტს, როდესაც ხანგრძლივი წვიმებისა და ჩაკეტილობის შემდეგ, მზად ვართ სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქოთ, მხრებში გავიმართოთ, მიწაზე მყარად დავადგათ ფეხი და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

ქალწული მიწის სტიქიის ნიშანია, რომელიც დეტალურ ანალიზს, წესრიგს, ყოველდღიურობასა და ჯანმრთელობას განაგებს. ქალწული გვასწავლის, რომ მასშტაბური ცვლილებები ხშირად პატარა ნაბიჯებით იწყება. ის გვიბიძგებს, მეტი ყურადღება მივაქციოთ ყოველდღიურ რუტინას, რადგან სწორედ ეს მცირე, რუტინული მოქმედებები განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს.

ახლა დიდი ნახტომების კი არა, თანმიმდევრული და მყარი ნაბიჯების დროა. ამ ახალმთვარეობის პერიოდში დაწყებული პროცესები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის მარტამდე.

სწორედ ამიტომ, რასაც ახლა ჩაუყრით საფუძველს, ის გახდება მომავალი პერიოდის მთავარი ვექტორი და მიმართულება.

რა არის ამ ახალმთვარეობის მთავარი აქცენტები?

🔹უპირველეს ყოვლისა - ჯანმრთელობა და სხეული. ფიზიკური მდგომარეობა ჩვენი უმთავრესი საყრდენია ნებისმიერი წამოწყებისთვის. შეუძლებელია მიზნების მიღწევა, ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნება, პროფესიული წინსვლა თუ ოცნებების ასრულება, თუ საკუთარ სხეულსა და შინაგან ენერგიას სათანადოდ არ გავუფრთხილდებით. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძილისა და დასვენების რეჟიმს, სამუშაოსა და განტვირთვის ბალანსს, ჯანსაღ კვებას, მოძრაობას და ჯანმრთელობის პრევენციულ კონტროლს.

🔹მეორე მნიშვნელოვანი თემა არის სამუშაო და ყოველდღიური რუტინა. როგორია თქვენი ყოველდღიური განრიგი და რამდენად პროდუქტიულად გაქვთ გაწერილი დრო? დააკვირდით, რომელი აქტივობები გმატებთ მოტივაციას და ენერგიას, და რომელი გაცლით ძალებს და გფიტავთ. დაფიქრდით, რომელი ყოველდღიური საქმეების გადაბარება ან დელეგირება შეგიძლიათ სხვებისთვის, რათა მნიშვნელოვანი მიზნებისთვის დრო გაითავისუფლოთ. განსაზღვრეთ, რომელი სასარგებლო ჩვევის დანერგვა დაგეხმარებოდათ წინსვლაში და რომელი მავნე თუ დროის დამკარგავი ჩვევის მოცილებაა საჭირო უკეთესი შედეგებისთვის.

🔹ქალწულის ენერგია არა ქაოსურ გარდაქმნებს, არამედ მყარი სტრუქტურისა და წესრიგის შექმნას გვკარნახობს. ეს პერიოდი ფიზიკურ, მენტალურ და ინფორმაციულ დონეზე სრული განწმენდისკენ მოგვიწოდებს. ახლა რეალობისთვის თვალის გასწორების დროა - მომენტი, როდესაც ერთი წუთით უნდა შეჩერდეთ და საკუთარ ცხოვრებას ილუზიების გარეშე, ობიექტურად შეხედოთ.

თუ გრძნობთ, რომ თქვენს ჯანმრთელობაში, ყოველდღიურ რეჟიმში, კარიერაში, ჩვევებსა თუ ვალდებულებებში რაღაც დასალაგებელია, ეს პერიოდი საუკეთესო შესაძლებლობაა სასიკეთო ცვლილებების დასაწყებად. შესაძლოა, ეს იყოს ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლების, პრიორიტეტების გადაფასებისა და იმ საქმეებთან შეჭიდების დრო, რომელთა გადადებასაც აქამდე გამუდმებით ცდილობდით.

▫️ამ ახალმთვარეობის კიდევ ერთი გამორჩეული სიმბოლო თეთრი მთვარეა - სელენა, რომელიც ქალწულის ნიშანში იმყოფება. მისი ენერგია შეგიძლიათ აღიქვათ როგორც უხილავი, ზეციური მხარდაჭერა ან როგორც მტკიცე შინაგანი რწმენა იმისა, რომ როდესაც სირთულეებს არ გავურბივართ და წინ მივიწევთ, საბოლოოდ ბევრად უფრო ძლიერები, სულიერად სუფთები და თავდაჯერებულები ვხდებით.

➡️ ვინ იგრძნობს ამ ახალმთვარეობას განსაკუთრებით ძლიერად? უპირველეს ყოვლისა - ქალწულები. მათთვის იწყება განახლების პერიოდი ჯანმრთელობის, სამუშაოს, ურთიერთობებისა და ყოველდღიური ცხოვრების წესის მიმართულებით.

➡️თევზებისთვის აქტუალური გახდება პარტნიორობისა და ურთიერთობების თემა. მოსალოდნელია ახალი კავშირების გაჩენა ან უკვე არსებულ ურთიერთობებში ისეთი შემობრუნება, რომელიც პარტნიორობას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

➡️ტყუპების ყურადღების ცენტრში ოჯახი, სახლი და საცხოვრებელი გარემო მოექცევა. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მშობლებთან და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანი გახდება ოჯახური საქმეებისა და საყოფაცხოვრებო თემების მოწესრიგება.

➡️მშვილდოსნებისთვის კი მთავარი პროფესიული განვითარება, კარიერა და სოციალური სტატუსი იქნება. შესაძლოა გამოჩნდეს ახალი სამუშაო შეთავაზება, იდეა ან საქმიანობის შეცვლის შანსი. ეს აუცილებლად არ გულისხმობს მხოლოდ კარიერულ ტრანსფორმაციას. შესაძლოა დაიწყოს ცხოვრების ახალი ციკლი, რომელიც ახალ ცოდნას, გამოცდილებას ან სოციალურ როლს მოგიტანთ. თავდაპირველად ამან შეიძლება გარკვეული დაძაბულობა ან შიშიც გამოიწვიოს, თუმცა, ამავდროულად, საინტერესო აღმოჩნდება.

▫️თუ იცნობთ საკუთარ ნატალურ რუკას, აუცილებლად შეამოწმეთ, რა არის განთავსებული ქალწულის 17-20 გრადუსების მიდამოებში.თუ ამ ზონაში გაქვთ პირადი პლანეტები - მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი ან მთვარის კვანძები, ეს ახალმთვარეობა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ამ შემთხვევაში ის თქვენი ცხოვრების კონკრეტულ სფეროში ახალი ციკლის დაწყებას და გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება.

💫დაბნელების დერეფანი ხშირად რაღაცას ასრულებს, ხურავს ძველ პროცესებს და გვათავისუფლებს იმისგან, რასაც აღარ უნდა გავყვეთ. ზოგჯერ ამას ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდაც აკეთებს და მხოლოდ მოგვიანებით ვხვდებით, რომ ცვლილება საბოლოოდ ჩვენს სასარგებლოდ მოხდა. ამიტომ დაბნელებების შემდეგ დაღლილობის, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური გადატვირთვისა და გაურკვევლობის განცდა ბუნებრივია. ახლა კი ენერგია თანდათან იცვლება და მოქმედების დრო მოდის.

11 სექტემბერს, უშუალოდ ახალმთვარეობის დღეს, ნუ იჩქარებთ ახალი საქმეების დაწყებას. 12, 13 და 14 სექტემბრიდან კი უკვე შეგიძლიათ პრაქტიკაში გადაიტანოთ ის იდეები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ პერიოდში ჩამოგიყალიბდათ. გაითვალისწინეთ, რომ ახალმთვარეობამდე 3-4 დღით ადრე მისი გავლენა უკვე შესამჩნევი ხდება. შესაძლოა რომელიმე საკითხი წინ წამოიჭრას, მოვლენებმა ან ადამიანებმა კი მიგანიშნონ, საით უნდა მიმართოთ ყურადღება. ახლა კი ვნახოთ, თუ რა მცირე ნაბიჯებით არის შესაძლებელი მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა.

🔺პირველი -დაგეგმვა. გადახედეთ თქვენს მიზნებს. თუ სია უკვე გაქვთ, შეაფასეთ იგი კრიტიკულად, ხოლო თუ განრიგის გარეშე მოქმედებთ, ახლა საუკეთესო დროა მის შესადგენად. მნიშვნელოვანია ობიექტურად განსაზღვროთ, თუ რომელი ამოცანის შესრულებაა შესაძლებელი მიმდინარე ეტაპზე და რა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა შეგიძლიათ დღესვე. ქალწულის ენერგია გვეხმარება, ილუზიები რეალობისგან გამოვაცალკეოთ და მთავარი მეორეხარისხოვნისგან გავმიჯნოთ. სწორედ ამიტომ, ახლა პრიორიტეტი მაქსიმალურად პრაქტიკულ და მიღწევად გეგმებს უნდა მიენიჭოს.

🔺მეორე - ჩვევა. შემოიტანეთ თქვენს ცხოვრებაში ერთი კარგი, ჯანსაღი და ღირებული ჩვევა. ქალწულში ახალმთვარეობის დროს დაწყებულ საქმეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ჯანმრთელობას, ყოველდღიურობასა და რუტინას ეხება. თუ გრძნობთ, რომ ფიზიკურად გამოფიტული ხართ, შესაძლოა ახლა სწორედ ის დროა, როდესაც დილის ვარჯიში ან ყოველდღიური გასეირნება უნდა დაიწყოთ. ვინმესთვის შეიძლება დღიურის წარმოება იყოს მნიშვნელოვანი, სხვისთვის კი - ტელეფონისა და კონტაქტების გასუფთავება, სამუშაო სივრცის მოწესრიგება, სახლის დალაგება ან კვების რეჟიმის კორექტირება. დაფიქრდით, არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში საკმარისი მოძრაობა, სპორტი და სუფთა ჰაერი.

🔺მესამე - სივრცის გათავისუფლება. როდესაც სახლიდან, სამუშაო მაგიდიდან, ტელეფონიდან, ჩატებიდან, სოციალური ქსელებიდან ან ყოველდღიური განრიგიდან ზედმეტ ტვირთს ვიშორებთ, მხოლოდ გარე სამყაროს როდი ვაწესრიგებთ - ამით ჩვენს გონებაშიც მეტი სივრცე ჩნდება. საკუთარი გარემოს ზედმეტისგან განტვირთვა მარტივი, მაგრამ ეფექტური პრაქტიკაა, რადგან გარეგანი წესრიგი ხშირად შინაგან ჰარმონიასაც ქმნის.

🔺მეოთხე - ჯანმრთელობა. დაფიქრდით, ხომ არ არის დრო პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმებისთვის. გადახედეთ კვების რაციონს, გაამდიდრეთ დღის რეჟიმი მოძრაობით, სუფთა ჰაერზე სეირნობითა და ზომიერი ფიზიკური აქტივობით. შესაძლოა, სრულფასოვან განტვირთვაზეც ღირდეს დაფიქრება.

ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, გარემოს შეცვლა, ზღვაზე გამგზავრება ან ჯანმრთელობის გაუმჯობესების სპეციალური პროგრამის დაწყება. ეს ყველაფერი ზუსტად ეხმიანება ქალწულის ახალმთვარეობის თემატიკას. ამ პერიოდში ხელსაყრელია ახალი დღის რეჟიმის, კვების სისტემის, სპორტული ჩვევებისა თუ დილის რიტუალების დანერგვა. ასევე კარგი დროა დაგეგმვისთვის, სივრცის ორგანიზებისთვის, ორგანიზმზე ზრუნვისა თუ ახალი სამუშაო პროექტის წამოსაწყებად. მთავარია, შექმნათ კონკრეტული ალგორითმი - როგორ იმოქმედებთ და რა თანმიმდევრობით მიჰყვებით თქვენს გეგმას.

🔺რისი გაკეთება არ არის სასურველი? თუ გაქვთ მასშტაბური იდეა, პროექტი ან ოცნება, მაგრამ ჯერ არ გაგაჩნიათ მისი განხორციელების კონკრეტული გეგმა, ნუ იჩქარებთ მის დაუყოვნებლივ დაწყებას. ქალწული წესრიგს, თანმიმდევრობასა და სისტემურობას მოითხოვს. ასევე სიფრთხილეა საჭირო მკვეთრ ფინანსურ გადაწყვეტილებებთან. თუ მოულოდნელად დიდი თანხის სესხება, იპოთეკის აღება, სერიოზული ინვესტიციის განხორციელება ან ძვირად ღირებული ნივთის შეძენა გადაწყვიტეთ, ჯერ კარგად დაფიქრდით.

ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ნაბიჯი არა მხოლოდ სურვილის, არამედ რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით გადადგათ. იგივე ეხება ემოციებზე დაფუძნებულ ახალ წამოწყებებს. განცდა, რომ რაღაც ახლავე გსურთ ან მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდით, საკმარისი საფუძველი არ არის.

ნებისმიერი იდეა გადამოწმებას საჭიროებს. ყურადღებით დააკვირდით ადამიანს, სამუშაოს, შეთავაზებას თუ შესაძლებლობას და შეაფასეთ დეტალები. ქალწული ზომიერებასა და სიზუსტეს მოითხოვს, ამიტომ ახლა მთავარია არა ყველაფრის თავიდან დაწყება, არამედ იმის გამყარება, რაც უკვე გაგაჩნიათ.

ეს შეიძლება იყოს თქვენი სამუშაო, ურთიერთობები, ჯანმრთელობა, სახლი ან ნებისმიერი სხვა ღირებულება, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ.

ამ ახალმთვარეობის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს არის: „მე ვიწყებ მცირედით და ამ პატარა, მაგრამ რეალური ნაბიჯებით ვაშენებ საკუთარ მომავალს“.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავუმკლავდეთ ტოქსიკურ ადამიანებს? - ფსიქოლოგის განმარტება

10 სექტემბერს პლანეტა ვენერა მორიელის ნიშანში გადადის: „შეიძლება გამოჩნდეს ყოფილი, გადახედოთ პირად ღირებულებებს, ურთიერთობებს“

როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 სექტემბერს საქართველოში