Digest Logo

🎥 „ეს ის ტვირთია, რომლითაც ცხოვრება მიწევს“ - პრინცი ჰარი დედასთან, პრინცესა დიანასთან ბოლო საუბარს იხსენებს

1792651272
პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი პრინცესა დიანასთან ბოლო სატელეფონო საუბარს იხსენებს და გულახდილად საუბრობს იმ სინანულზე, რომელიც ამ მოგონებას უკავშირდება. მას ხშირად უფიქრია, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება და ოჯახი, დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო.

ჟურნალ GQ-ს ინტერვიუების სერიის, One More Question-ის ერთ-ერთ ეპიზოდში სასექსის ჰერცოგმა დედის დაღუპვიდან წლების შემდეგაც გლოვასა და დანაკარგთან გამკლავებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაზე კვლავ ფიქრობს და მას კითხვებსაც უსვამს.

ჰარი დანაკარგის თემას მერი-ფრენსის ო’კონორთან ერთად შექმნილ ახალ MasterClass-შიც განიხილავს. კურსის სახელწოდებაა „მწუხარების გააზრება: დანაკარგის დროს მდგრადობის განვითარება“. ჰარის თქმით, დედაზე თითქმის ყოველდღე ფიქრობს.

„ეს უბრალოდ წამიერი გაელვებაა: ვაუ, როგორ მენატრები. მაინტერესებს, როგორი იქნებოდა სამყარო, შენ რომ ჯერ კიდევ აქ ყოფილიყავი. მაინტერესებს, როგორი იქნებოდა ჩემი ოჯახი, შენ რომ აქ ყოფილიყავი“, - განაცხადა პრინცმა.

პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 36 წლის ასაკში დაიღუპა. იმ დროს ჰარი 12 წლის იყო, მისი უფროსი ძმა, პრინცი უილიამი კი - 15 წლის.

ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დიანამ შვილებს ტელეფონით დაურეკა. იმ დროს ისინი დედოფალ ელისაბედ II-ის შოტლანდიურ რეზიდენციაში, ბალმორალში იმყოფებოდნენ. საუბარი ხანმოკლე აღმოჩნდა - ჰარისა და უილიამს ბიძაშვილებთან თამაშის გაგრძელება ეჩქარებოდათ. ეს მოგონება ძმებმა 2017 წლის დოკუმენტურ ფილმშიც გაიხსენეს, სახელწოდებით „დიანა, დედაჩვენი: მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა“.

ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც ჰარიმ დედის ხმა გაიგონა.

„რომ მცოდნოდა, ეს მასთან ჩემი ბოლო საუბარი იქნებოდა, დიალოგი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ეს ის ტვირთია, რომლითაც ცხოვრება მიწევს. საქმე ისაა, რომ 12 წლის ბავშვს მხოლოდ გაქცევა და ბიძაშვილებთან თამაში მინდოდა“, - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.

დედის გარდაცვალებიდან თითქმის 30 წლის შემდეგაც ჰარი მასთან კავშირს კვლავ გრძნობს. მისი თქმით, ეს კავშირი მხოლოდ მოგონებებით არ შემოიფარგლება.

„ხანდახან მას კითხვებს ვუსვამ და პასუხს ველოდები. ზოგჯერ ამ პასუხს ნამდვილად ვიღებ.

შეიძლება, კალიფორნიაში ძალიან დიდი დრო გავატარე, მაგრამ იმ შინაგანი სამუშაოს შედეგად, რომელიც საკუთარ თავზე გავწიე, დედაჩემთან კავშირი კვლავ მაქვს. ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებსა და მომენტებში მის ენერგიას ნამდვილად ვგრძნობ“, - აღნიშნა პრინცმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მხარდაჭერა კლუბისგან - „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს!

⭕ „ხვალ წამოდგება...ზეგინდელი დღე მისია“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე ემოციურად წერს

⭕ „მივყვეთ ღმერთის ნებას, რომელსაც შენთვის უკეთესი გეგმა აქვს, ჩემპიონო...“ - საბა საპანაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

✕