Digest Logo

ფერმერი, რომელმაც ChatGPT-ის განუცხადა, რომ შვილის მოკვლა სურდა, დააკავეს - რა მოხდა ბრაზილიაში?

1789977228
ჩატჯპიტიჩატჯპიტი

ბრაზილიაში 36 წლის ფერმერი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ChatGPT-თან საუბრისას საკუთარი შვილის მკვლელობის გეგმები დეტალურად განიხილა. შემთხვევა OpenAI-ის უსაფრთხოების სისტემებმა დააფიქსირეს, რის შემდეგაც კომპანიამ ინფორმაცია FBI-ს გადასცა, ხოლო ამერიკულმა მხარემ - ბრაზილიის სამართალდამცველებს.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ესაუბრებოდა ხელოვნურ ინტელექტს. იგი ჩატბოტს ეკითხებოდა, თუ რა ტიპის ქიმიური ნივთიერებები შეეძლო გამოეყენებინა შვილის მოკვლისთვის და ჰყვებოდა, რომ ვინმესთვის ფულის გადახდასაც გეგმავდა, რათა მას ის და მისი შვილი მოეკლა.

OpenAI-ის უსაფრთხოების ფილტრებმა ეს მიმოწერა მოსალოდნელი დანაშაულის საფრთხედ შეაფასეს. შეტყობინების მიღებიდან სამ დღეში ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 19 ივნისს - სავარაუდო დანაშაულის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე,  დააკავეს. ჩხრეკისას მის სახლში ქიმიური ნივთიერებები და გაკვანძული თოკები აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილი მოგვიანებით სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ გაათავისუფლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს არის შტატში ხელოვნური ინტელექტის გაფრთხილების საფუძველზე დაწყებული პირველი, ხოლო მთელ ბრაზილიაში მესამე მსგავსი შემთხვევა.

ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როცა OpenAI-ის სისტემები სამართალდამცველებს ეხმარება. ფლორიდაში 25 წლის დარენ ჟოუ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ChatGPT-ის ყოფილი შეყვარებულის მკვლელობისა და თავდასხმის გეგმები გაუზიარა. FBI-ს ჩართულობის შემდეგ ახალგაზრდა დაკავებულ იქნა და აგვისტოში ბრალიც აღიარა.