29 წლის ჰეილი ბიბერი Victoria’s Secret-ის ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი თეთრეულის კოლექციის სახე გახდა.
Rhode-ის დამფუძნებელმა და ჯასტინ ბიბერის მეუღლემ ახალ ფოტოსესიაში ბრენდის რამდენიმე საკულტო კომპლექტი მოირგო და ამავე დროს გაიმეორა ჟიზელ ბუნდჰენის ლეგენდარული ფოტო, რომელიც მოდელმა Victoria’s Secret-ისთვის ჯერ კიდევ 2001 წელს გადაიღო.
ეს ჟესტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მემკვიდრეობასა და მის კავშირს სხვადასხვა თაობის სტილთან.
Victoria’s Secret-ის ისტორია გაცილებით ადრე, 1970-იან წლებში იწყება, როდესაც სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრმა როი რეიმონდმა მეუღლისთვის ქალის თეთრეულის შეძენა გადაწყვიტა.
მაღაზიებში ვიზიტმა იმედგაცრუება მოუტანა - არც ასორტიმენტი იყო შთამბეჭდავი და არც გარემო, სადაც მამაკაცი თავს კომფორტულად იგრძნობდა. სწორედ ამ უხერხულობამ გაუჩინა იდეა შეექმნა სრულიად განსხვავებული კონცეფციის ბრენდი.
რეიმონდმა სახელწოდებად Victoria’s Secret აირჩია - ინგლისის დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად, რომელსაც კორსეტებისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. პირველი მაღაზიების ვიტრინები ვიქტორიანული ეპოქის ბუდუარის სტილში იყო გაფორმებული, რაც იმ დროისთვის სრულიად ახალი და მიმზიდველი გამოცდილება აღმოჩნდა.
პირველი მაღაზია 1977 წელს გაიხსნა და მალევე მოიპოვა წარმატება - ყველაფერი, ასორტიმენტიდან დაწყებული პერსონალით დასრულებული, ისე იყო მოწყობილი, რომ მყიდველს მაქსიმალური კომფორტი ეგრძნო.

ხუთი წლის შემდეგ, როდესაც რეიმონდს უკვე ექვსი ფილიალი ჰქონდა, ბიზნესი აღარ ვითარდებოდა ისე წარმატებით, როგორც დასაწყისში, და მან კომპანია ბიზნესმენ ლესლი ვექსნერს მიჰყიდა. სწორედ ვექსნერის ხელმძღვანელობით ავიდა Victoria’s Secret სრულიად ახალ საფეხურზე - უბრალო თეთრეულის მაღაზიიდან ის გადაიქცა გლობალურ ბრენდად, რომელიც ელეგანტურ კოლექციებსა და გრანდიოზულ შოუებს ქმნიდა.
ასორტიმენტს დაემატა სუნამოები, ფეხსაცმელი, პიჟამები და საცურაო კოსტიუმები, რამაც ბრენდის შემოსავლები საგრძნობლად გაზარდა. მოგვიანებით ტანსაცმლის ხაზის შექმნაც სცადა, თუმცა მალევე გახდა ნათელი, რომ Victoria’s Secret-ის მთავარი ძალა მაინც თეთრეული იყო.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ლამაზები ხართ“ - ევა ბარბაქაძე რჩეულთან ერთად ბანკოკში ისვენებს
🔵ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
წყარო: www.beaumonde.ge