Digest Logo

ჰოლივუდის „შავი სია“: რატომ ართმევენ როლებს სიუზან სარანდონს, მსახიობი მიზეზებზე ალაპარაკდა

1789026151
სარა სარანდონი

79 წლის ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა, სიუზან სარანდონმა, ვენეციის კინოფესტივალზე განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე მოვლენების ფონზე პალესტინელი ხალხის ღია მხარდაჭერის გამო ჰოლივუდში კარიერული პრობლემები შეექმნა და ფილმებიდან ხსნიან.

„როკის საშინელებათა შოუს“, „თელმა და ლუიზის“ და „მკვდარი მოსიარულეს“ ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ სააგენტოები კვლავ ურჩევენ რეჟისორებსა და პროდიუსერებს, არ დაასაქმონ ის.

„როლები დავკარგე, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი შემიცვლია“, - აღნიშნა მსახიობმა.

ვენეციის კინოფესტივალზე სარანდონი თავისი ახალი ფილმის, „ექოს პალატას“ (Echo Valley) პრესკონფერენციას დაესწრო. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სურათის რეჟისორს, ანდრეა პალაოროს, იმისთვის, რომ არ გაითვალისწინა ინდუსტრიის გაფრთხილებები და მასთან თანამშრომლობა არ შეწყვიტა.

სარანდონის განცხადება ჰოლივუდში მზარდი ცენზურისა და არაოფიციალური „შავი სიების“ შესახებ დისკუსიას დაემთხვა. ვენეციის კინოფესტივალზე ამ თემას ჯორჯ კლუნიც გამოეხმაურა, რომელმაც კოლეგა მარკ რუფალო დაიცვა.

ფოტოზე: მსახიობი მარკ რუფალო

რუფალო სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც გააკრიტიკა კინოსტუდიების Paramount-ისა და Warner Bros. Discovery-ს მოსალოდნელი გიგანტური შერწყმა, $111 მილიარდი. მსახიობმა ყურადღება გაამახვილა Paramount-ის მფლობელი ელისონების ოჯახისა და მათ კუთვნილი კომპანია Oracle-ის მჭიდრო კავშირებზე ისრაელის სამხედრო უწყებებთან. ამის გამო Paramount-მა რუფალო ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.

 „მე მხარს ვუჭერ მარკ რუფალოს თავისუფლად გამოხატვის უფლებას. ჩვენ არ ვაპირებთ სიტყვის აკრძალვას. ეს დემოკრატიის ფუნქციონირების ნაწილია“, - განაცხადა ჯორჯ კლუნიმ კოლეგის მხარდასაჭერად.

რუფალოს დასაცავად ღია წერილი გამოაქვეყნა 170-ზე მეტმა ებრაელმა კულტურულმა მოღვაწემ, მათ შორის რეჟისორმა ჯოელ კოენმა და მსახიობმა ხოაკინ ფენიქსმა. წერილში ხაზგასმულია, რომ ისრაელის პოლიტიკისა თუ მედიამონოპოლიების კრიტიკის ანტისემიტიზმად მონათვლა სახიფათო ტენდენციაა.

ცნობისთვის, სიუზან სარანდონის მონაწილეობით გადაღებული ფილმი „ექოს პალატა“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია ჩართული და „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის, რომლის გამარჯვებულიც 12 სექტემბერს გამოვლინდება.