ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების წყვილი გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი ლოს-ანჯელესში, კინოაკადემიის მუზეუმში გამართულ გალა-საღამოს დაესწრნენ. წყვილმა, რომელიც 40 წელზე მეტია ერთადაა, საღამოსთვის კლასიკური შავ-თეთრი ფერთა გამა შეარჩია და დახვეწილი სტილით მიიპყრო ყურადღება.
80 წლის გოლდი ჰოუნი წვრილბრეტელებიან, თავისუფალი სილუეტის გრძელ შავ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. სამოსს მრავალშრიანი ქვედაბოლო გამოარჩევდა, რომელიც პლისირებული ჩანართებითა და ქვედა ნაწილში გამჭვირვალე ქსოვილით იყო გაფორმებული. კაბის ზედა ნაწილს კი ფაქტურული დრაპირება და მაქმანებიანი დეტალები ამშვენებდა.
მსახიობმა ლუქი გრძელი, შავი ოპერის ხელთათმანებით, მასიური, მრავალშრიანი ოქროს ყელსაბამითა და დიდი საყურეებით შეავსო. გოლდი ჰოუნმა თავისი საფირმო ვარცხნილობა - მოცულობითი თმა და სქელი ჩოლკა - შეინარჩუნა, მაკიაჟში კი აქცენტი თვალებზე გააკეთა.
75 წლის კურტ რასელმა კლასიკური შავი სმოკინგი, თეთრი პერანგი და ბაფთა შეარჩია. მის ელეგანტურ იერს ტყავის ფეხსაცმელი ასრულებდა. მსახიობი წითელ ხალიჩაზე უკან გადავარცხნილი ვერცხლისფერი თმით პოზირებდა.
გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი 1983 წლიდან ერთად არიან, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილან. 1986 წელს მათ საერთო ვაჟი უაიატი შეეძინათ. ჰოუნს წინა ქორწინებებიდან ორი შვილი - ქეითი და ოლივერი - ჰყავს, რასელს კი - ვაჟი ბოსტონი.
წყვილს არაერთხელ უსაუბრია გადაწყვეტილებაზე, არ დაერეგისტრირებინათ ქორწინება. ორივეს განქორწინების გამოცდილება აქვს და, მათი თქმით, პირად თავისუფლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“ - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული
წყარო: www.beaumonde.ge