Digest Logo

კადრები დალასიდან, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო - რატომ არ დატოვეს იაპონელმა ფანებმა სტადიონი ფინალური სასტვენის შემდეგ?

1781526383
იაპონიაიაპონია

საფეხბურთო მატჩების დასრულების შემდეგ სტადიონების ტრიბუნები, როგორც წესი, ნაგვის, პლასტმასის ბოთლებისა და საკვების ნარჩენების ეპიცენტრად იქცევა ხოლმე. თუმცა, არსებობს ერთი გამონაკლისი, რომელიც მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს, იაპონელი გულშემატკივრები თამაშის შემდეგ სტადიონს მანამ არ ტოვებენ, სანამ სექტორებს იდეალურად არ დაასუფთავებენ.

ეს საოცარი ტრადიცია სულ ახლახან დალასში გამართულ მატჩზეც განმეორდა. ფინალური სასტვენის შემდეგ, იაპონელ ქომაგებს სტადიონი არ დაუტოვებიათ. ამის ნაცვლად, მათ საკუთარი სექტორის დალაგება დაიწყეს - ერთად შეაგროვეს და აალაგეს ჭიქები, ბოთლები, ქილები, საჭმლის შეფუთვები და სხვა ნაგავი.

ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.

F-ჯგუფში ერთმანეთს ნიდერლანდებისა და იაპონიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, მედიაში კი იაპონელი გულშემატკივრების საქციელს განიხილავენ.

საინტერესოა, რომ იაპონელები ტრიბუნებს მაშინაც კი აწესრიგებენ, როდესაც მათი გუნდი მტკივნეულ მარცხს განიცდის. მსოფლიო ჩემპიონატებზე არაერთხელ დაფიქსირდა მომენტი, როდესაც დრამატულ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, აცრემლებული ფანები სტადიონიდან მაინც არ წავიდნენ, სანამ იქაურობა არ დაგავეს.

ამასთანავე, სამაგალითოდ იქცევიან თავად ფეხბურთელებიც, ისინი გასახდელ ოთახს ყოველთვის იდეალურად სუფთას ტოვებენ და მასპინძლებს მადლობის ბარათსაც უფენენ.

რატომ აკეთებენ ამას?

დასავლური მედიისა და სხვა ქვეყნების გულშემატკივრებისთვის ეს ქცევა გამაოგნებელია, თუმცა თავად იაპონელებისთვის, ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. ამ საოცარ ტრადიციას საფუძვლად უდევს კულტურული და რელიგიური კონცეფცია, რომელსაც „ატატობუკი“ ჰქვია.

„ატატობუკი“ ნიშნავს, რომ წასვლის წინ ადამიანმა ადგილი იმაზე სუფთა უნდა დატოვოს, ვიდრე დახვდა. ეს არის გარშემომყოფებისა და იმ სივრცის პატივისცემის გამოხატულება, რომელიც შენ გმასპინძლობს.

იაპონიაში ამ ფილოსოფიას ბავშვებს ბაღიდან და სკოლიდანვე ასწავლიან. იაპონურ სკოლებში დამლაგებლის შტატი პრაქტიკულად არ არსებობს, საკლასო ოთახებს, დერეფნებსა და საპირფარეშოებს თავად მოსწავლეები და მასწავლებლები აწესრიგებენ. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ საზოგადოებრივ სივრცეზე ზრუნვა იაპონელებისთვის ბუნებრივი, ორგანული ჩვევაა.