როკ-ლეგენდა და Kiss-ის თანადამფუძნებელი ეის ფრეილი (Ace Frehley) 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახის დაადასტურა მედიასთან.
როგორც ამერიკული გამოცემები AP News და Reuters იუწყებიან, ფრეილი გარდაიცვალა 16 ოქტომბერს, ნიუ-ჯერსიში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში. გარდაცვალების მიზეზად სახელდება თავის ტვინის სისხლჩაქცევა, რომელიც დაცემის შედეგად მიიღო.
ფრეილი ბოლო თვეებში სამედიცინო პრობლემებს უჩიოდა - სწორედ ამ მიზეზით გააუქმა 2025 წლის დარჩენილი კონცერტები. ოფიციალურ განცხადებაში ეწერა: „მიმდინარე სამედიცინო პრობლემების გამო, ეისმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, გააუქმოს დარჩენილი თარიღები“.
Kiss-ის წევრებმა - ჯინ სიმონსმა (Gene Simmons) და პოლ სტენლიმ (Paul Stanley) - სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს პოსტები და აღნიშნეს, რომ ეისი იყო „შეუცვლელი როკ-სოლდატი“ და ჯგუფის ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
ვინ იყო ეის ფრეილი?
პოლ დენიელ „ეის“ ფრეილი (დაბადების თარიღი - 27 აპრილი, 1951, ნიუ იორკი) - ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც ცნობილია, როგორც Kiss-ის ორიგინალური ლიდ-გიტარისტი და ჯგუფის წევრი Spaceman-ის სახელით.
ფრეილიმ Kiss-ის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა — მისი გიტარის სტილი, ენერგიული სცენური ქცევა და უნიკალური იმიჯი ჯგუფის სიმბოლოდ იქცა.
1978 წელს გამოსცა პირველი სოლო ალბომი Ace Frehley, რომელიც დიდი წარმატებით იყიდებოდა და მოიცავდა ჰიტს New York Groove. 2014 წელს ეისი Kiss-თან ერთად შეიყვანეს Rock and Roll Hall of Fame-ში.
ეის ფრეილი დარჩა როგორც როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გიტარისტი. მისი სცენური პერსონა - ვერცხლისფერ მაკიაჟში, ორიგინალური გიტარით და შეუდარებელი ენერგიით — სამუდამოდ დარჩება როკის ისტორიაში.
მისი მუსიკა და სტილი დღემდე შთაგონებად რჩება უამრავი ახალგაზრდა გიტარისტისთვის მთელ მსოფლიოში.
