მიანმარში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 226 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას Deutsche Welle სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაახლოებით 77 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიის შედეგად დაზარალდა დედაქალაქი ნაიფიიდო, ასევე, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მანდალაი და შანის შტატის ნაწილი.
„წყალდიდობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში დაახლოებით 631 000 ადამიანი დააზარალა“, - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (UNOCHA) კატასტროფებზე რეაგირების სააგენტომ.
სააგენტოს ცნობითვე, გადაკეტილი გზები და დაზიანებული ხიდები დახმარების მიწოდებას სერიოზულად აფერხებს მაშინ, როდესაც საკვები, სასმელი წყალი, თავშესაფარი და ტანსაცმელი სასწრაფოდ საჭიროა.
სამთავრობო გაზეთის ცნობით, სტიქიის შედეგად 150 000-ზე მეტი სახლი დაიტბორა. მიანმარის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 260 000 ჰექტარი ბრინჯის ველები და სხვა მოსავალი განადგურდა.