
სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია - ანჯელინა ჯოლი, რომელიც ფილმის, Couture-ის მთავარი გმირია. ფილმი, რომელშიც ჯოლი ლუი გარელთან ერთად მონაწილეობს, წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად იქცა. ის ფესტივალის მესამე დღეს აჩვენეს.
ფილმის სიუჟეტი პარიზის მაღალი მოდის სამყაროში ვითარდება და ცენტრალურ ფიგურად რეჟისორი გვევლინება, რომელიც აღმოაჩენს, რომ მკერდის კიბოს დიაგნოზი აქვს სწორედ მაშინ, როცა ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს. თავად ფილმის რეჟისორისთვის ეს ისტორია სიღრმისეულად პირადული ნარატივია, თუმცა ანალოგიურად ახლოს აღმოჩნდა თავად ჯოლისთანაც, რომელმაც წარსულში დაავადების მაღალი რისკის გამო პრევენციული ოპერაცია ჩაიტარა. მსახიობმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ქალის იდენტობისა და ფემინურობის განსაკუთრებულ კავშირს კიბოს გამოცდილებასთან.
ჯოლის ვიზიტი, მიუხედავად მისი მოკლე ხანგრძლივობისა და ინტერვიუების თავიდან არიდებისა, საზოგადოებისთვის დიდ მოვლენად იქცა.
წითელ ხალიჩასთან ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებიც წვიმის მიუხედავად, მსახიობის გამოჩენას ელოდნენ. თუმცა, მისი გამოსვლის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არა ვიზუალური ატრაქციონით, არამედ ინტელექტუალური და ემოციური დატვირთვით აღინიშნა.
ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ: რისი ეშინია მას როგორც ხელოვანსა და ამერიკელ ქალს თანამედროვე ეპოქაში, ჯოლი ცრემლამდე მიიყვანა.
პასუხში მან გამოხატა თავის ქვეყანასთან არსებული წინააღმდეგობრივი გრძნობები:
„მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვერ ვცნობ მას“,- აღნიშნა მსახიობმა.
მისი ხედვა, როგორც თავად განმარტა, საერთაშორისო და თანასწორია, ხოლო ნებისმიერი ფორმის დაყოფა და თავისუფლების შეზღუდვა საფრთხედ მიაჩნია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბავშვს სწავლის მოტივაცია მშობლის ჩართულობის გარეშე ვერ განუვითარდება“ - ფსიქოლოგის რჩევები
წყარო: www.beaumonde.ge