ნეპალში 26 აგვისტოს მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1300-ს გადააჭარბა, ხოლო დაახლოებით 5000 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. სტიქია, რომელიც მყინვარის ჩამოშლამ გამოიწვია, განსაკუთრებით ნეპალისა და ტიბეტის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს შეეხო.
8 სექტემბრის Reuters-ის უახლესი მონაცემებით, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში, სადაც შესაძლოა ათობით მუშა იყოს ჩარჩენილი
ნეპალში 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის მსხვერპლთა პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. სამთავრობო შენობებზე დროშები დაუშვეს, ხოლო დაღუპულთა ოჯახები ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდები გამართეს.
ოფიციალური მონაცემებით, ნეპალსა და ტიბეტში წყალდიდობას 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაახლოებით 5000 ადამიანი, მათ შორის უცხოელები, დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.
ნეპალში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ინდუიზმს მისდევს, გლოვა ტრადიციულად 13 დღე გრძელდება: ახლო ნათესავები სახლში რჩებიან, სხვები კი სამძიმრის გამოსახატავად მოდიან. მეცამეტე დღეს რიტუალები სრულდება და გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცვები აღევლინება.
რამდენიმე ადამიანმა, რომელთა ნათესავებიც დღემდე დაკარგულად ითვლებიან, სიმბოლური დაკრძალვები და გლოვის რიტუალებით გამართა. ინდუისტურ ტრადიციაში კრემაცია ყველაზე მნიშვნელოვან საბოლოო რიტუალად ითვლება და ზოგიერთი ოჯახისთვის ცერემონიის ჩატარება საყვარელი ადამიანების ცხედრების გარეშეც კი სულიერი განთავისუფლების განცდას იწვევს.

კატმანდუში ნათესავები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისა და რამდენიმე სამინისტროს შენობის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ჰიდროელექტროსადგურებში მომუშავე ასობით ადამიანის ძებნის დაჩქარება მოსთხოვეს, რომლებიც შესაძლოა მძვინვარე მდინარე წაიღო, ან ნანგრევების ქვეშ დაიმარხენ.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად ძალისხმევა 12 ჰიდროელექტროსადგურზეა კონცენტრირებული, სადაც დაახლოებით 900 მუშა დაკარგულად ითვლება და სავარაუდოდ, დაახლოებით 500 გვირაბებშია ჩარჩენილი.

„ჩვენი ძალისხმევა სამ დონეზეა ორიენტირებული ძებნა-გადარჩენაზე - ხმელეთზე, ჰაერიდან და გვირაბებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არავინ დარჩეს ხაფანგში“, - განუცხადა ორშაბათს AFP-ს ნეპალის არმიის წარმომადგენელმა რაჯა რამ ბასნეტმა.
ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების სამაშველო ჯგუფები ნანგრევებს, დაზიანებულ ნაგებობებსა და გვირაბებს იკვლევენ იმ იმედით, რომ გადარჩენილებს იპოვიან.
