Digest Logo

პირველად 900 წლის განმავლობაში, დანიის მონარქმა ტახტი ნებაყოფლობით დატოვა - ახალი მონარქი ფრედერიკ X გახდა

1705340768
ფრედერიკ X

პირველად 900 წლის განმავლობაში, დანიის მონარქმა, მარგრეტე II-მ ტახტი ნებაყოფლობით დატოვა. 83 წლის მარგრეტემ თავისი გადაწყვეტილებით მთელი ერი გააოცა. მან გადადგომის დეკლარაციას პარლამენტში სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მოაწერა ხელი. დანიას უკვე ახალი მეფე ჰყავს.

დანიის ახალი მონარქი ფრედერიკ X-ა. დღეს ახალი მეფე ქვეყნის კანონმდებლების წინაშე პირველად წარდგა. პარლამენტში ტახტის მემკვიდრეობის აღსანიშნავი შეხვედრა, 55 წლის მეფისთვის პირველი ოფიციალური ამოცანა იყო.

მეფეს პარლამენტისთვის პირადად არ მიუმართავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა განცხადება მისი სახელით წაიკითხა, მადლობა გადაუხადა ყოფილ დედოფალს და ტახტზე ასვლა გამოაცხადა.

დანიას ახალ მეფესთან ერთად ახალი დედოფალიც ჰყავს. ფრედერიკ X-ს ცოლი მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდა. ახალი დედოფალი დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ დანიელების 82%, ფრედერიკისგან მოვალეობის კარგად შესრულებას მოელის. 86%-მა იგივე თქვა მერის შესახებ.

უყურადღებოდ არ დარჩენილა ახალი მეფისა და დედოფლის კოცნის სცენაც, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

კვირას საღამოს კოპენჰაგენის ტივოლის ბაღები ფოიერვერკით განათდა. ცივი ამინდის მიუხედავად, დედაქალაქში 170 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მონარქიის პოპულარობას თითქმის ექვს მილიონიან ქვეყანაში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დაახლოებით, თებერვლის ბოლოდან მოიკლებს შემთხვევები და მარტის ბოლოდან ნელ-ნელა გაივლის“ - რას ამბობს პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე

🎥 „ვისი ბრალია ეს ავტოსაგზაო შემთხვევა?“ - რა კადრები ვრცელდება სოცქსელში

„ახალგაზრდა გოგო ვიყავი, მამა გვერდით არ მყავდა და მაშინ ასეთ რამეებზე არ ვფიქრობდი“ - რას ჰყვება თამარ ივერი

წყარო: rustavi2.ge