
რამდენიმე საათის წინ ვატიკანში კარდინალების კონკლავმა აირჩია რომის ახალი პაპი - კათოლიკური ეკლესიის მეთაური. ის პირველი რომის პაპია, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა.
რობერტ ფრენსის პრევო დაიბადა 1955 წლის 14 სექტემბერს ჩიკაგოში. მას იტალიური, ფრანგული და ესპანური ფესვები აქვს. ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში ვილანოვას უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი თეოლოგიას სწავლობდა ჩიკაგოს კათოლიკურ თეოლოგიურ კავშირში, ასევე რომში - წმინდა თომა აკვინელის სახელობის პაპის უნივერსიტეტში.
თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებს, კითხულობს ლათინურ და გერმანულ ენებზე.
პრევო ავგუსტინელთა ორდენში 1977 წელს გაწევრიანდა, ხოლო მღვდლად 1982 წელს აკურთხეს. 13 წლის განმავლობაში პერუში მისიონერად მსახურობდა. 2001 წელს ორდენის გენერალური წინამძღვარი გახდა, ხოლო 2015 წლიდან - ჩიკლაიოს (პერუ) ეპისკოპოსი.
2023 წელს პაპმა ფრანცისკემ ის კარდინალად აკურთხა და ეპისკოპოსთა საქმეების დიკასტერიის პრეფექტად დანიშნა, რამაც ის რომის კურიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად აქცია.
პრევო აკრიტიკებდა მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ლათინურ ამერიკაში, რომელიც აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამოიწყო, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში სოციალურ ქსელ X-ზე უშუალოდ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს უპასუხა, რომელიც ამ პოლიტიკის გამართლებას ცდილობდა.
„ჯეი დი ვენსი ცდება: იესო არ გვთხოვს, შევაფასოთ ჩვენი სიყვარული სხვების მიმართ“, - განაცხადა მაშინ მომავალმა პონტიფიკოსმა.
ვატიკანის მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პრევოს რეფორმატორის, მშვიდობისმყოფელისა და ამავდროულად კათოლიციზმის ტრადიციებისადმი ლოიალური ეპისკოპოსის რეპუტაცია აქვს. მოსალოდნელია, რომ ახალი პონტიფიკოსი ყურადღებას გაამახვილებს ეკლესიის მართვის რეფორმებზე, შიდა განხეთქილების დაძლევაზე, სოციალური სამართლიანობის საკითხებსა და გლობალური კრიზისების პირობებში ვატიკანის დიპლომატიურ როლზე.
სახელს, რომელსაც წმინდა საყდარზე ასვლისას ირჩევს ახალი პაპი, ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
სახელი ლეო ერთ-ერთი უძველესია პაპების სახელების სიაში - ასე ერქვა, კერძოდ, პაპ ლეო I დიდს (440-461 წწ.), რომელიც ადრეული ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პონტიფიკოსად ითვლება.
ასევე, ეს შეიძლება იყოს მინიშნება პაპ ლეო XIII-ზე (1878-1903 წწ.), პაპებს შორის სახელ ლეოს ბოლო მატარებელზე. ის ცნობილი იყო როგორც ინტელექტუალი პონტიფიკოსი, რომელიც აერთიანებდა ტრადიციას თანამედროვე სამყაროსადმი გახსნილობასთან.