
რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, ინაუგურაციას ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება, რომელიც რომში იმყოფება.
ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. როგორც მისმა თანაშემწემ „როიტერს“ განუცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ინაუგურაციის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს.
ვატიკანის ცნობით, რუსეთი კულტურის მინისტრის, ოლგა ლიუბიმოვას დონეზეა წარმოდგენილი.
ჟურნალისტებთან საუბრისას მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვატიკანი შეიძლება გახდეს რუსეთ-უკრაინას შორის დიალოგის ხელშემწყობ ადგილად.
„მე მას შუამავალს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ეს ნამდვილად არის ადგილი, სადაც, ვფიქრობ, ორივე მხარე კომფორტულად იგრძნობდა თავს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ინაუგურაციას დაესწრებიან, არიან ისრაელის, პერუსა და ნიგერიის პრეზიდენტები; იტალიის, კანადისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრები; გერმანიის კანცლერი და ევროკომისიის პრეზიდენტი.
ამასთან, რომის ახალი პაპის ინაუგურაციას დაესწრებიან ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, მათ შორის ესპანეთის მეფე ფილიპე და დედოფალი ლეტიცია.
18 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად დაესწრება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ოჯახური ერთგულების ფესვის მოშლა ნებისმიერ პერსპექტივას დაანგრევს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?
🎥 „ყოველთვის კრეატიული...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს