2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი არა მხოლოდ სპორტული, არამედ გრანდიოზული მუსიკალური მოვლენითაც ჩაეწერა ისტორიაში. MetLife Stadium-ის სცენაზე გამართულ პირველ ოფიციალურ Halftime Show-ზე შაკირას გამოჩენამ ნამდვილი სენსაცია გამოიწვია, თუმცა შოუს დასრულების შემდეგ მედიისა და საზოგადოების ყურადღება ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე გადაერთო, რა ჰონორარი მიიღო კოლუმბიელმა ვარსკვლავმა და სად წავიდა მილიონობით დოლარი?
ტრადიციულად, მსგავსი მასშტაბის გლობალურ სპორტულ ღონისძიებებზე მაგალითად, Super Bowl-სა თუ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიულ შოუებზე მსოფლიო დონის არტისტები პირდაპირ ჰონორარს არ იღებენ.
ორგანიზატორები, ამ შემთხვევაში FIFA სრულად ფარავენ შოუს კოლოსალურ ტექნიკურ, ლოჯისტიკურ და საპროდიუსერო ხარჯებს - დადგმას, Roberto Cavalli-ს ექსკლუზიურ კოსტიუმებს, 200 000-ზე მეტი სვაროვსკის კრისტალით გაფორმებულ დეკორაციებსა და ვარსკვლავური გუნდის ტრანსპორტირებას. არტისტისთვის კი მთავარი ჯილდო ასეულობით მილიონიანი გლობალური აუდიტორიის ყურადღება და კოლოსალური PR-ია.
მიუხედავად იმისა, რომ შაკირას პირადი ჰონორარის სახით თანხა არ აუღია, ამ შოუს უზარმაზარი საქველმოქმედო დატვირთვა ჰქონდა.
მომღერალმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ახალი ჰიტი Dai Dai შეასრულა, რომლის გარშემოც სპეციალური საქველმოქმედო კამპანია აიგო. სიმღერის Dai Dai სტრიმინგიდან, გაყიდვებიდან და სპეციალური საავტორო უფლებებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი 100% პირდაპირ FIFA Global Citizen Education Fund-ში „გლობალური განათლების ფონდში“ გადაირიცხება. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება ნაკლებად უზრუნველყოფილი რეგიონების ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სკოლების მშენებლობას.
„ამ სიმღერის მსოფლიოს უდიდეს სცენაზე შესრულება ენერგიული და შთამბეჭდავია, თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითოეული მოსმენა და ყურება რეალურად ეხმარება ბავშვების განათლებას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა შაკირამ.




