
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საზოგადო მოღვაწის, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის მასალებს გრიფი „საიდუმლო“ მოუხსნა. 240 ათასი გვერდისგან შემდგარი დოკუმენტები აშშ-ის არქივების და დოკუმენტაციის ნაციონალური სამმართველოს საიტზე გამოქვეყნდა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პირველად ეს დოკუმენტები 1977 წელს შეაგროვა და შემდეგ ნაციონალურ არქივს გადასცა. დოკუმენტებს შორის არის კინგზე თვალთვალის მასალები, ასევე მისი მკვლელობის შემდეგ მიღებული ინფორმაცია. ამ მასალების მიხედვით ირკვევა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უთვალთვალებდა კინგს და თვალყურს ადევნებდა მის მონაწილეობას საერთაშორისო მოძრაობებში, რომლებიც ომის და სიღარიბის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ამასთანავე, ჯერჯერობით უცნობი, არის თუ არა მასალებში მონაცემები, რაც მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობას ნათელს მოჰფენს.
მარტინ ლუთერ კინგის შვილებს, მარტინ III-ს და ბერნისს, მიაჩნიათ, რომ ჯეიმს ერლ რეი, რომელიც კინგის მკვლელობისთვის არის გასამართლებული, არ არის ერთადერთი, ვინც მკვლელობაშია დამნაშავე. ეს განცხადება მარტინ ლუთერ კინგის ნათესავებს ადრეც გაუკეთებიათ.
მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს, მემფისის შტატში მოკლეს, მის მკვლელობაში დამნაშავედ ჯეიმს ერლ რეი აღიარეს და 99-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეიმ თავდაპირველად მკვლელობაში დანაშაული აღიარა, მაგრამ შემდეგ განაცხადა, რომ ის აიძულეს, რომ აღიარებითი ჩვენება მიეცა. ჯეიმს ერლ რეი ციხეში 1998 წელს გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕არველაძეების რძალი ახალ, ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს
⭕როგორი ამინდი იქნება 22 ივლისს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით