
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა.
გუშინ თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მათ შორის იყო 2 წლის ბიჭი, რომელმაც ჰატაიში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში 79 საათი გაატარა. დღეს კი მაშველებმა 10 წლის გოგოს ამოყვანა შეძლეს, რომელსაც ნანგრევებში 90 საათის გატარება მოუწია.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი 3 377.
რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 72 879 ადამიანია დაშავებული, ხოლო სირიაში კი მათი რიცხვი სამი ათასს მიუახლოვდა.
ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა.