Digest Logo

დიდი ალბათობით, დასავლეთი ნაწილობრივ შემდგარ შეთანხმებას აღიარებს და მორჩება ეს მრავალთვიანი უსაგნო დავა - ვინ ვის შეუსრულა, თავად განსაჯეთ - გია აბაშიძე

1618839791
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე

„ამდენი პოლიტიკური ახალი ამბების ნიაღვარში, ჩემეულად მოკლედ აგიხსნით თუ რა ხდება - შარლ მიშელის ბოლო შემოთავაზებამ კიდევ უფრო დაქსაქსა „ნაციონალური მოძრაობა“. ბოკერიას ჩამოშლილი პარტია ისეთ ეროზიაშია, რომ სუპერგამძლე „ლატკებიც“ ვეღარ უშველის. პრაგმატულად მოაზროვნე ოპოზიციური პატარა პარტიები ხვდებიან, რომ პარლამენტში შეუსვლელობითა და მიშას „დუდუკზე“ უაზრო როკვით, ვერაფერს მიაღწევენ“,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი, იმის მიუხედავად, რომ დანიელსონის ხელმოწერილ დოკუმენტს ჩაენაცვლა მიშელის ახალი დოკუმენტი, მზადაა ამასაც მოაწეროს ხელი და გააქროს ამაზე შეკითხვები.

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დადგა და გამოხატა მზადყოფნა, რომ მიიღოს ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება - შეიწყალოს გიორგი [ჟორიკა] რურუა თუ ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი [1 პოლიტიკური სუბიექტი, რომლის დაშლა გაგრძელდება] და მშრალზე დარჩენილი ბოკერია კვლავ ჯიუტად უარზე არიან, მელიაც საკუთარი სურვილით რჩება საპატიმროში. მაღალი ალბათობით კი, დასავლეთი ნაწილობრივ [მიშას ხუშტურების გამო] შემდგარ შეთანხმებას აღიარებს და მორჩება ეს მრავალთვიანი უსაგნო დავა შესვლა-არშესვლაზე. ვინ ვის შეუსრულა, თავად განსაჯეთ“,- წერს აბაშიძე.