Digest Logo

ირაკლი ბერაია - არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით

1651056447
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი ბერაია

„არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით, ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, საქართველო უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, როგორც ჰუმანიტარულ, ისე პოლიტიკურ ჭრილში.

„საქართველო მოქმედებს ეროვნული ინტერესების და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესაბამისად. ჩვენ ვუწევთ უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე, პოლიტიკურ ჭრილში. ამის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ნაბიჯები და დახმარება იყოს ქმედითი, პროდუქტიული და შედეგიანი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენს ნაბიჯებს ძალიან კარგად იცნობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ჩვენ არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.