
„ჩვენ რუსეთთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, ერთი რუსული საქმის მაგალითი ვერავინ მოგვიყვანა რა გავაკეთეთ რუსული საქმე, არანაირი დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს, რუსეთი არის ოკუპანტი და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი როდესაც დაიწყება, აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის საკითხების გარშემო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, „მეგობარი აქტი“ აბსურდულია და მასში სიცრუე წერია.
„მეგობარ აქტში“ ძირითადად 3 ხაზი აქვთ გატარებული, რომელიც არის აბსურდი. ჩვენ ამ აბსურდზე, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაგვეცა. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მოსახლეობის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც არის ძალიან ამაყი, ჩვენ ვართ ამაყი ერი, ამხელა ტრადიციების ერი, რა თქმა უნდა, ჩვენგან ელოდნენ ადეკვატურ პასუხს. ეს პასუხი იყო ადეკვატური პარლამენტის მხრიდან და ჩვენ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით განვმარტეთ, თუ რამდენი სიცრუე წერია ამ „მეგობარ აქტში“.
იქ არის საუბარი, მაგალითად, იმაზე, თურმე უნდა გათავისუფლდეს საქართველო: რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენებისგან, რა გავლენებზეა საუბარი? რუსეთით დავიწყოთ. ჩვენ რუსეთთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, ერთი რუსული საქმის მაგალითი ვერავინ მოგვიყვანა რა გავაკეთეთ რუსული საქმე, არანაირი დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს, რუსეთი არის ოკუპანტი და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი როდესაც დაიწყება, ჩვენი საუბარი აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის საკითხების გარშემო.
რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთთან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს - პირდაპირი ფრენებით, თავისუფალი ვაჭრობით, უვიზო მიმოსვლით, ჩინური ბანკებიც, შესაძლოა, დაინტერესდნენ ქართულ ბაზარზე შემოსვლით და ა.შ. სად არის ჩინური გავლენა? პარტნიორობა არის გავლენა?! ჩინეთთან დაახლოება სურს მთელ მსოფლიოს.
ირანის გავლენები სად იგრძნობა, იქნებ რაიმე მაგალითი მოგვიყვანოს. იმაში, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩაბრძანებული მაშინ, როდესაც რეგიონის ყველა ლიდერი ჩასული იყო და ევროკავშირის წარმომადგენლებიც. ეს არის, რა თქმა უნდა, ტყუილებით გაჯერებული“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.