Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: უყურეთ რას ჰყვებიან დაზარალებული ოჯახები, ახალგაზრდებო! ამის მერე კარგად მიხვდებით, თუ რა არის ტოტალიტარული რეჟიმი

1744711239
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს  მიმართა, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას თვალყური მიადევნონ.

დეპუტატმა, ასევე, ახალგაზრდებს მოუწოდა, როდესაც საარჩევნო უბნებზე მივლენ, კარგად გაიაზრონ, რა მოჰყვება მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯს.

„ოპოზიციონერებმა და მათმა ტელევიზიებმა ყური მიაჩვიეს, თითქოს რაღაც რეჟიმის პირობებში უწევთ ცხოვრება. უყურეთ რა ხდება და რას ჰყვებიან დაზარალებული ოჯახები. ახალგაზრდებო! ამის მერე კარგად მიხვდებით, თუ რა არის ტოტალიტარული რეჟიმი და რეალურად გაავლებთ პარალელს, თუ როგორ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენ დღეს. გთხოვთ, შეგნებით იაზროვნოთ და არ აჰყვეთ რაღაც ტრენდებს.

კოალიცია არ არსებობს - არჩევნებში 51% ამ ოთხ რადიკალურ პარტიას რომ აეღო, თქვენ ხელისუფლებაში მოგყავდათ: მოძალადეები, მკვლელები, გამაუპატიურებლები, რეკეტიორები, აფერისტები - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რევანშისტული ზრახვებით. როდესაც საარჩევნო უბნებზე მიხვალთ, კარგად გაიაზრეთ, რა მოჰყვება თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს და თქვენს მიერ მიცემულ ხმას.

თხოვნა მექნება, გამოდით შემდეგი პრინციპიდან, რომ ხმა მისცეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მშვიდობას! ხმა უნდა მისცეთ იდენტობის გაძლიერებას! ხმა უნდა მისცეთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.