მონტენეგროს პოლიციამ წარმოშობით თბილისელი, 59 წლის კანონიერი ქურდი გიორგი მანუკიანი, მეტსახელად ჟორა ტბილისკი“ დააკავა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
მანუკიანი რუსეთის კრასნოდარის მხარის დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლეს პოზიციას იკავებდა. ინტერპოლის მოსკოვის ბიურომ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამჟამად „ჟორა ტბილისკის“ საქმე პოდგორიცის უმაღლეს სასამართლოს გადაეცა, რომელიც მის მომავალ ბედს გადაწყვეტს.
მედიის ინფორმაციით, მანუკიანი კრასნოდარის მხარის დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლეს პოზიციებს 1993 წლიდან იკავებს. ის ამ პოზიციაზე კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ვლადიმერ ვოლკოვმა („ვოლჩოკმა“) და ასლან უსოიანმა („დედ ხასანმა“) აკურთხეს.