Digest Logo

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა

1751897658
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული WALTHER PPK/S მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.