„რიონის ხეობის მცველები თუ საჯაროდ განაცხადებენ რომ პროტესტი იქნება მშვიდობიანი, არ მოახდენენ გზების ბლოკირებას მშენებლობისთვის და აიღებენ პასუხისმგებლობას რომ არ მოხდება ხეობაში ესკალაცია და დაპირისპირება კომპანიის თანამშრომლებთან, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები მოიხსნება“ - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეხვედრაზე ისაუბრა.
აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ რიონის ხეობის მცველებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს თავიანთი პირობები, მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა ხეობაში ბარიკადების აღებას.
„აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო რკინის ბარიკადების მოხსნაზე და არა საპოლიციო ძალების გაყვანაზე. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ბარიკადების იქ დგომის მთავარი მიზეზი - კომპანია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რომელზეც ყველა საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა აქვს მიღებული, ვერ ახერხებდა იმ ვალდებულების სრულფასოვნად შესრულებას, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს წინაშე.
მუდმივად ხდებოდა სიტუაციის ესკალაცია და ადამიანების ბულინგი. აქედან გამომდინარე, გუშინდელ შეხვედრაზე დირკ ბუშლემ ხაზი გაუსვა, რომ ბარიკადების აღებას აქვს წინაპირობა. ამის შესახებ საუბარია მის მიერ გამოგზავნილ ოქმშიც, ცალკე პუნქტად - თუ რიონის ხეობის მცველები აიღებენ პასუხისმგებლობას და საჯაროდ დადებენ პირობას, რომ პროტესტს ექნება მშვიდობიანი ხასიათი, შეწყდება ბლოკადა და მსგავსი ქმედებები, ამ შემთხვევაში მოიხსნება ადგილიდან რკინის ბარიკადები,“ - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.