Digest Logo

„წერეთელზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია - ხვალიდან მთელს გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ორმხრივად გაიხსნება“ - კახა კალაძე

1706686916
კახა კალაძე

„როგორც მოსახლეობას დავპირდით, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები დასრულებულია. გამზირზე დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება და ხვალიდან მთელს გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში, ორმხრივად გაიხსნება. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატა ჩვენს ულამაზეს ქალაქს, რაც რასაკვირველია ყველას გვახარებს. თუმცა, უფრო სწორი და მართებული იქნებოდა მეთქვა, ყველას უნდა გვახარებდეს,“ - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წერეთლის გამზირის სამუშაოებს გასდევდა, სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ.

„ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ყოველი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს ნიშნავს ათეულობით წლის მანძილზე ხელშეუხებელ კომუნიკაციებს, რომლებიც სრულიად ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან და სახიფათოა არა მხოლოდ დაზიანებების თვალსაზრისით, ასევე არაა უსაფრთხო უშუალოდ მოსახლეობისთვის. იწყებ სამუშაოებს და დგები კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობენ. ამას ემატება არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება რიგი კომპანიების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში, ერთვებიან სამუშაოების პროცესში და სრულიად ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ დედაქალაქის წინაშე.

ამ რეალობას ფონად გასდევს იმ ოპოზიციის და საკუთარი ქალაქის მოძულეების ისტერიული კამპანია, რომლებიც სულ რაღაც ათეული წლის წინ თავად იყვნენ ხელისუფლებაში და არაფერი გაუკეთებიათ, გარდა ფასადური, თაბაშირ მუყაოთი შეთითხნილი და მხოლოდ და მხოლოდ პიარზე აგებული სამუშაოებისა.

აი ამ კაკაფონიის ფონზე მოხდა ჭავჭავაძის, მელიქიშვილის ქეთევან დედოფლის გამზირების განახლება, უამრავი ქუჩის რეაბილიტაცია, ისტორიული უბნებისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა და უამრავი საქმე, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტის ათასობით თანამშრომელი მთელი გულით და სულით ასრულებს და იტანს ცილისწამებას, რომელსაც ოპომედიიდან ღვარძლიანი პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები აფრქვევენ.

მე მინდა, თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, ყველა იმ სამსახურს, რომელიც ჩართულია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში, გადავუხადო დიდი მადლობა! მადლობა, რომ კეთილსინდისიერად ემსახურებით ჩვენს ქალაქს! მინდა, იცოდეთ, რომ თქვენს საქმიანობაზე დგას ეს ქალაქი და ვერანაირი სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს მის განვითარებას, წინსვლას. ამიტომ მაქსიმალური ენერგიით, მეტი ცოდნით და შრომისმოყვარეობით გავაგრძელოთ თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები.

მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ყველა კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგა თავის ვალდებულებას და 24-საათიან რეჟიმში წარმოებული სამუშაოების შედეგად, დაპირებისამებრ დაასრულა გზის სავალი ნაწილი. და ბოლოს, მინდა, მოვუწოდო თითოეულ კომპანიას, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სახის პროექტებში და ჩაერთოს ტენდერებში, კარგად გააცნობიეროს, რამხელა პასუხისმგებლობაა, ემსახურო თბილისს, ამ ქალაქის მოსახლეობას. გთხოვთ, პატივი სცეთ საკუთარ საქმეს და კეთილსინდისიერად შეასრულოთ სამუშაოები“, - აღნიშნა კალაძემ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 თენგიზ აბულაძის ნაკლებად ცნობილი ფილმი - ნანი ბრეგვაძის შესრულება, რომელსაც სოფიკო ჭიაურელი ახმოვანებს

⭕„მახსოვს შენი ტკივილიანი წუთები, როდესაც ხელში გვადნებოდი... შენი ღიმილი მჭირდება, ძალიან მენატრები...“ - მზია კვირიკაშვილი 75 წლის გახდებოდა

🎥 „ძალიან კარგია“ - გიორგი გაბუნიას, ჯიმი აბესაძის და ბენდის სახალისო შესრულება