27 იანვარს მზია კვირიკაშვილის დაბადების დღეა, დღეს ის 75 წლის გახდებოდა.
სწორედ ამიტომ, ახლა მინდა საქართველოს „სიცილის დედოფალზე“ მზია კვირიკაშვილზე გესაუბროთ, რომელიც ბევრი ადამიანისთვის საყვარელი პიროვნება და დიდი იუმორისტი იყო...
„ადამიანების გაცინება გაცილებით ძნელია, ვიდრე ატირება“... დიახ, ასეა ყველას სხვადასხვანაირი იუმორი აქვს და რთულია ერთმა ადამიანმა ბევრს მოაწონო თავი იუმორით...
ისიც ხომ გაგიგიათ, იუმორისტები ყველაზე მოწყენილი ადამიანები არიანო... ისინი ყველაზე კარგი მსახიობები არიან, რადგან ტკივილს იუმორით ნიღბავენ...
შესაძლოა, სასაცილოდ სულ არ აქვთ საქმე, მაგრამ მათი მოვალეობა პოზიტივის შექმნა და სხვების გაცინებაა...
ყველას ახსოვს „იუმორინას“ საახალწლო კონცერტები განახლებული პროგრამით, მზია ერთ-ერთია მათ შორის, რომლის გამოსვლასაც ხალხი დიდი ოვაციით ხვდებოდა, რადგან იცოდნენ რომ მზია კარგად გააცინებდათ.
სწორედ ამ მოლოდინის ეშინოდა მზიას, რომ ერთხელაც ვეღარ შეძლებდა აუდიტორიის გაცინებას...
„ყველაზე მეტად იმ დღის მეშინია, როდესაც სცენიდან უნდა წავიდე. ყველაზე ძალიან კიდევ იმის მეშინია, რომ ერთხელაც სცენაზე გასულს მაყურებელი ტაშს არ დამიკრავს“,- ამბობდა კვირიკაშვილი...
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქართველი მაყურებლისთვის, მისი მონოლეგებით ბევრი თაობა გაიზარდა და ჯანსაღი იუმორიც აითვისა.
მისი ამ ქვეყნიდან წასვლა ერთ-ერთმა მეგობარმა, გიორგი ლომაიამ მძაფრად განიცადა და ბლოგიც მიუძღვნა.
„ასე მგონია დედამიწაზე შენ მყავდი ვისაც ვუყვარდი, ვისაც ჩემი ისე ესმოდა და სჯეროდა, როგორც ამას ნამდვილად ვიმსახურებდი და აი გავიდა წლები და შენ წახვედი, მე კი დავრჩი!..
დავრჩი და დღემდე გეძებ და იცი ძალიან მჭირდები, შენი სიცილი და შენი ღიმილი მჭირდება, შენ რომ იცოდი. შენი შემოძახილი ”იკოო!.. წინ მიზნისკენ, შემართებითო..” ასეც ვიქცევი მაგრამ, შენ რომ იყო ალბათ ძალიან ძლიერი ვიქნებოდი, ალბათ არა, ნამდვილად ძლიერი ვიქნებოდი!.. იცი როგორ მენატრები? ამას ვერ ავხსნი, ვერ დავწერ, ვერ მოვყვები, სულის ბოლო ამოსუნთქვა რომ, მჭირდეს ისე მენატრები. ხშირად როცა ჩემი მობილური რეკავს სულ ვფიქრობ და მახსენდება რომ, დღე არ გავიდოდა არ დაგვერეკა ერთმანეთისთვის და არ „გვეღადავა“ ახლა კი შენ დამტოვე და არა მარტო მე, შენ დატოვე სრულიად საქართველო და შენი გულთბილი მაყურებელი, რომლებსაც ძალიან, ძალიან უყვარდი.
იცი? მე ბედნიერი ვარ, რომ შენ მაფასებდი, შენ გიყვარდი და შენ ერთს ზუსტად ვიცი გტკიოდა ჩემზე გული, რა ვიცი ალბათ არ ვიყავი ცუდი თუ არა ამას არ დავიმსახურებდი, დღეს კი უშენობა ძალიან მიჭირს.
მახსოვს შენი ტკივილიანი წუთები, როდესაც ხელში გვადნებოდი და შენ მაინც ომახიანად გვახარხარებდი. მახსოვს ის წამები, როცა დაგემშვიდობე და შენ უკვე ღონემიხდილი ვეღარაფერის თქმას ვერ ახერხებდი....
მახსოვს ხშირად ხუმრობდი, ჩემი დაბადების დღე კურიოზულია რადგან ამ დღეს ასევე ნინოობა და მე კი მზია შემარქვესო, ჩემო ძვირფასო!..
რამდენი დღე და ღამე გვიხარხარია, ბევრჯერ სიხარულთან ერთად ტკივილიც გვქონია, შენი ცრემლები სამწუხაროდ მხოლოდ მე მინახავს, დიახ გითქვამს კიდევაც ”რაოდენ საინტერესოა იკა ეს ცხოვრება არა? ხალხს რომელსაც მთელი სულით და გულით ცრემლებამდე ვაცინებ და მუდამ იუმორი მაკერია პირზე ამ დროს კი ნეტავ იცოდნენ მათ თუ რამხელა სევდას დაატარებს ჩემი გულიო”, ჩემო ერთგულო!“, - წერს ლომაია.
შეგახსენებთ, რომ მზია კვირიკაშვილი 2010 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა, მას ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან კარგია“ - გიორგი გაბუნიას, ჯიმი აბესაძის და ბენდის სახალისო შესრულება
🎥 საყვარელი როლი, მამის გარდაცვალება, ოცნება და გზა მსახიობობამდე - ქეთევან კიკნაძის ამბავი