„ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან თუ ევროკავშირთან დამოკიდებულია თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში. დონალდ ტრამპი მომდევნო წლის პირველივე თვეებში დაასრულებს ომს უკრაინაში და ჩვენი ურთიერთობებიც დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია აგებული იყო მშვიდობის დამყარებაზე და მან დადო პირობა, რომ მოვალეობის შესრულების პირველივე თვეებიდან დაასრულებს ომს უკრაინაში, რასაც მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მოჰყვეს.
„ჩვენ გაცხადებული გვქონდა არაერთგზის, რომ არ ჰქონდა ჩვენთვის მნიშვნელობა, რომელი ადმინისტრაცია გაიმარჯვებდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მზად ვიყავით, რომ გვეთანამშრომლა ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, თუმცა ახლა, დონალდ ტრამპის შემთხვევაში ეს ყველაფერი უფრო მარტივად შეიძლება გამოვიდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ღირებულებები სრულ თანხვედრაში არის. ამ შემთხვევაში ამერიკელმა ხალხმა, ისევე როგორც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მისცა მშვიდობას, ხმა მისცა ტრადიციულ ღირებულებებს, ხმა მისცეს სარწმუნოებას, კულტურას, იდენტობას და ა.შ. შესაბამისად, ის ღირებულებები, რაზედაც დონალდ ტრამპი საუბრობს სრულ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ღირებულებებთან და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა უფრო მოხარულები ვართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა გადაიტვირთებოდა. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ამას კიდევ უფრო დააჩქარებს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს მისი საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგი აგებული იყო რამდენიმე თემაზე, სადაც გამოვყოფდი უკრაინაში ომის დასრულებას და ჩვენ არაერთგზის გაგვიცხადებია, რომ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან თუ ევროკავშირთან დამოკიდებულია, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნებისათვის და დონალდ ტრამპის პირობებში, მომდევნო წლის პირველივე თვეებში დაასრულებს იგი ომს უკრაინაში. შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობებიც, რა თქმა უნდა დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.