Digest Logo

5 ნიშანი იმისა, რომ ბავშვზე ზედმეტად ვზრუნავთ და დამოუკიდებლობას ვუზღუდავთ

1793042960
ბავშვი ბავშვი

5 ნიშანი იმისა, რომ ბავშვზე ზედმეტად ვზრუნავთ და უნებურად დამოუკიდებლობას ვუზღუდავთ (ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტის, დოქტორ მერედიტ ელკინსის მიხედვით):

ზედმეტი მზრუნველობა მაშინ იწყება, როცა ბავშვის დაცვა ყველა სირთულისგან მისი დამოუკიდებლობის განვითარების ხელშემშლელი ხდება. ამ დროს ბავშვმა შეიძლება დაიჯეროს, რომ პრობლემებს მარტო ვერასდროს გაუმკლავდება და ყოველთვის უფროსის დახმარება სჭირდება.

5 ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:

1. ბავშვის პრობლემებს მის ნაცვლად ვაგვარებთ:

ნაცვლად იმისა, რომ თავად სცადოს გამოსავლის პოვნა, მაშინვე ვთავაზობთ მზა პასუხს ან მის ნაცვლად ვერევით სიტუაციაში.

ვკითხოთ: „შენი აზრით, რისი ცდა/ გაკეთება შეგიძლია ახლა?“

2. ვცდილობთ, ბავშვმა არასასიამოვნო ემოციები არ განიცადოს:

ვცდილობთ, მაშინვე გავუქარწყლოთ სევდა, შფოთვა ან იმედგაცრუება. თუმცა ბავშვს უნდა შეეძლოს იმის სწავლა, რომ რთული ემოციები ბუნებრივია და მათთან გამკლავება შესაძლებელია.

ვუთხრათ: „მესმის, რატომაც გაბრაზდი. მჯერა, რომ ამ გრძნობასთან გამკლავებას შეძლებ.“

3. ბავშვს იმაზე უფრო სუსტად მივიჩნევთ, ვიდრე სინამდვილეშია.

ვათავისუფლებთ ასაკისთვის შესაფერისი პასუხისმგებლობებისა და გამოწვევებისგან, რადგან გვეშინია, რომ გაუჭირდება ან ეწყინება.

ვცადოთ: განვასხვაოთ რეალური საფრთხე უბრალო დისკომფორტისგან. ყველა სირთულის თავიდან აცილება სულაც არ არის საჭირო.

4. შედეგს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე სწავლის პროცესს.

ვარიდებთ შეცდომების დაშვებას, წარუმატებლობისგან ვიცავთ და გზაზე ყველა დაბრკოლების მოცილებას ვცდილობთ. სინამდვილეში კი შეცდომები ბავშვს ადაპტაციას, გამოსავლის ძიებასა და გამოცდილებიდან სწავლას ასწავლის.

გვახსოვდეს: მთავარი ყოველთვის წარმატება როდია, მნიშვნელოვანია ისიც, რას სწავლობს ბავშვი მცდელობის პროცესში.

5. ბავშვის საჭიროებებზე მეტად ჩვენი შფოთვა გვმართავს

ზოგჯერ ბავშვის ნაცვლად იმიტომ ვმოქმედებთ, რომ ჩვენთვისაა რთული მისი წვალების, იმედგაცრუების ან მარცხის ყურება.

ვკითხოთ საკუთარ თავს: „ეს ჩარევა ბავშვის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, თუ უბრალოდ მე მიჭირს მისი სირთულეების ყურება?“

გზავნილი მშობლებისთვის:

ბავშვის გამძლეობა მაშინ ვითარდება, როცა მან იცის: საჭიროების შემთხვევაში მშობელი გვერდით ეყოლება, მაგრამ ამავე დროს აქვს დამოუკიდებლად ცდის, შეცდომის დაშვებისა და საკუთარი ძალებით გამოსავლის პოვნის შესაძლებლობა.

არ გადავწყვიტოთ ყველაფერი ბავშვის ნაცვლად.

არ დავიცვათ იგი ყოველი იმედგაცრუებისგან და არ მოვთხოვოთ ყველაფრის მარტო გამკლავება.

ჩვენი როლია, ვუხელმძღვანელოთ და არა ვაკონტროლოთ;

მხარი დავუჭიროთ და არა გადავარჩინოთ;

ვასწავლოთ და თან ვენდოთ.

რადგან თავდაჯერებულობა მხოლოდ იმისგან არ მოდის, რომ ბავშვს ყველაფერი კარგად გამოსდის. ის მაშინაც იზრდება, როცა ბავშვი აღმოაჩენს: „გამიჭირდა, მაგრამ ვცადე და რაღაცის გაკეთება თავადაც შემიძლია!“.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სასურველია მოერიდოთ სახიფათო სიტუაციებს, კონფლიქტურ გარემოსა და აგრესიულ ადამიანებს“ - მიმდინარე კვირის ტენდენციები

⭕ემოციების გამძაფრება, ეჭვები, მანიპულაციები და უნდობლობა - რას მოგვიტანს მერკურის რეტროგრადულობა? ქეთევან ჯანდიერის ასტროპროგნოზი

⭕„თავმდაბალი, გულიანი,მოალერსე... გამიმართლა, რომ მის გვარს და გენეტიკას ვატარებ“ - თიკა ფაცაციას ემოციური მილოცვა იუბილარ მამას

✕