ბავშვის ქცევა ხშირად მეტყველებს იმაზე, რასაც სიტყვებით ვერ გამოხატავს. სწორედ ამიტომ თითოეული რეაქცია, გაღიზიანება თუ ჩუმად ყოფნა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი სიგნალი მშობლისთვის. არსებობს 7 ნიშანი, რომლებიც არ უნდა გამოგვეპაროს: ისინი არა უბრალოდ ხასიათის გამოხატულებაა, არამედ შინაგანი ემოციების, შიშების ან უყურადღებობის გამოძახილი. ბავშვის ქცევა ყოველთვის საუბრობს — მთავარია, მშობელმა ისმინოს და დროულად გააცნობიეროს, რაზე აფრთხილებს პატარა გული.
აღნიშნულ თემაზე ფსიქოთერაპევტი ეკა ჩემია სოციალურ ქსელში წერს:
„7 ნიშანი ბავშვის ქცევაში, რომელიც არის საგულისხმო გზავნილი მშობლისთვის დასაფიქრებლად:
1. წვრილმანებზე ბრაზდება, მგრძნობიარეა, მკვეთრად რეაგირებს
რა ხდება? ბავშვს აქვს შინაგანი დაუცველობის განცდა და დაბალი თვითშეფასება. მისი ემოციური სისტემა მუდმივ მზადყოფნაშია საფრთხის დასანახად. რას აპროტესტებს? საკუთარი „არასაკმარისობის“ განცდას - თითქოს სიყვარული უნდა დაიმსახუროს, და ამისთვის საკმარისად კარგი არ არის.
რა უნდა მიიღოს? აღიარება და დამტკიცება იმისა, რომ ის უკვე ფასეულია. რას გვეუბნება ქცევა? „გთხოვ, მაჩვენე, რომ საკმარისი ვარ, თუნდაც არ ვიქცეოდე იდეალურად“. როგორ ვეხმარებით?
არ შევადაროთ, არ გავაკრიტიკოთ. ყოველდღე 3-4-ჯერ ხაზგასმით ვახსენოთ მისი ძლიერი მხარეები -ქება არა მხოლოდ შედეგისთვის, არამედ მცდელობისთვისაც.
2. მშობლებს ყვირილით „აგებინებს“ სათქმელს.
რა ხდება? ბავშვის ტვინი მიჩვეულია მაღალ ტონზე ,,ურთიერთობას". ყვირილი მისთვის ნაცნობი ნერვული სტიმულია. რას აპროტესტებს?
ემოციურ დისტანციას - როცა მხოლოდ ხმაურით იღებს ყურადღებას, სიჩუმეში თავს მიუღებლად გრძნობს.
რა უნდა მიიღოს?
მშვიდი ყურადღება და ემოციური უსაფრთხოება, ზედმეტი ხმაურის გარეშე. რას გვეუბნება ქცევა?
„მომხედე ისე, რომ არ დაგიყვირო“.
როგორ ვეხმარებით? არ შევყვეთ მის ტონს, არ ვუყვიროთ პასუხად. ხშირად შევურიგდეთ, სანამ კონფლიქტი გაღრმავდება. სწავლება უნდა მოხდეს მშვიდ ფაზაში და არა ემოციური აფეთქების დროს.
3. ტირის, კივის, პანიკას განიცდის მარცხისას
რა ხდება? დაბალია იმედგაცრუების მიმართ ტოლერანტობა. ტვინი ვერ იტანს წაგების განცდას, რადგან მარცხი მისთვის ნიშნავს სიყვარულის დაკარგვას. რას აპროტესტებს? შინაგან შიშს: „თუ არ მოვიგე, აღარ ვეყვარები არავის“.
რა უნდა მიიღოს? შეტყობინება, რომ სიყვარული და მიღება შედეგზე არ არის დამოკიდებული. რას გვეუბნება ქცევა?
„დამარწმუნე, რომ წაგებაც უსაფრთხოა“. როგორ ვეხმარებით? შევუქოთ გამბედაობა, არა მხოლოდ მოგება. შევახსენოთ, რომ წაგება ადამიანური გამოცდილების ნაწილია.
4. გაბრაზებისას თავს ესხმის მშობელს
რა ხდება? ემოციების რეგულაციის მექანიზმი დაუმუშავებელია და სახეზეა მაღალი იმპულსურობა. რას აპროტესტებს? შინაგან უსუსურობას. როცა ვერ მართავს ემოციას, ძალაუფლება გარეთ გამოაქვს. რა უნდა მიიღოს?
ზღვარი და თანაგრძნობა ერთდროულად -„მე არ მოგცემ ნებართვას დამარტყა, მაგრამ მესმის, რომ გაბრაზებული ხარ“.
რას გვეუბნება ქცევა? „მასწავლე, როგორ მოვიქცე, როცა ასე მძაფრად ვგრძნობ“. როგორ ვეხმარებით?
მშვიდად ვაჩერებთ, არ ვდევნით, არ ვიგივდებით მის აგრესიასთან. ვასწავლით ემოციის ამოცნობას სიტყვით („გაბრაზებული ხარ, გესმის?“ მე ვგრძნობ შენს ბრაზს, მესმის შენი).
5. თავის დარტყმა, თავში რტყმა, ფხაჭნა, თვითდაზიანება
რა ხდება? ბავშვი სირცხვილსა და დანაშაულის გრძნობას ვერ იტანს თვითდასჯით ცდილობს შიდა ტკივილის შემსუბუქებას. რას აპროტესტებს? საკუთარ „ცუდად ყოფნას“. რა უნდა მიიღოს? მშვიდი მიღება და თანაგრძნობა, არა გამოტირება ან ყვირილი.
რას გვეუბნება ქცევა? „მომეცი უფლება ვიყო ცუდად, ისე რომ არ დამსაჯო“. როგორ ვეხმარებით?
გამორიცხეთ ნებისმიერი ქცევა, რომელიც სირცხვილს აძლიერებს. უნდა დავეხმაროთ ბავშვს თავისი გრძნობების სახელდებაში.
6. ფრჩხილების კვნეტა, თმის ახვევა, ტანსაცმლის წოვა
რა ხდება? შინაგანი სტრესის დაგროვება, როცა ნერვული სისტემა ვერ ფილტრავს დაძაბულობას. რას აპროტესტებს? შეუმჩნეველ სტრესს: გადატვირთვას, მშობლის ემოციურ დაძაბულობას, გადაჭარბებულ მოლოდინებს.
რა უნდა მიიღოს? ფიზიკური და ემოციური განტვირთვა. რას გვეუბნება ქცევა? „მომეცით დასვენების უფლება.“
როგორ ვეხმარებით? დავამატოთ მოძრაობა, წყალი, მუსიკა, სითბო და ფიზიკური სიახლოვე (მაგ. ჩახუტება).
7. პროტესტი ყოველდღიურ მოთხოვნებზე
რა ხდება? ბავშვს აკლია რეალური კონტაქტი და გავლენის განცდა ოჯახში. რას აპროტესტებს? ზეწოლას და შინაგან განცდას, რომ მის აზრს არ ითვალისწინებენ. რა უნდა მიიღოს? შესმენა და არჩევანის უფლება. რას გვეუბნება ქცევა? „მომისმინე, სანამ რაიმეს მაიძულებ“.
როგორ ვეხმარებით? მშვიდი დიალოგით - „შეგიძლია ახლა გააკეთო თუ გინდა, ხუთ წუთში?“ შევუერთდეთ მის სამყაროს და არ ვცადოთ ძალით შევიყვანოთ ჩვენს წესებში.
თუ ეს ნიშნები თქვენს შვილშიც ამოიცანით გახსოვდეთ: ქცევა ყოველთვის გზავნილია და არა პრობლემა.
ჩვენი მიზანია ამ გზავნილის ამოცნობა და თანაგრძნობით პასუხი“, - წერს ეკა ჩემია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აუტიზმი იკურნება! ფოტოზე მე თვითონ ვარ“ - რა წერს ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე