
ნაწლავური ინფექციები, საკვების ინტოქსიკაცია და მწერების ნაკბენით გადამდები დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევებია ზაფხულში. მათ როგორც წესი ჰიგიენის ნორმების უგულებელყოფა და მალფუჭებადი საკვები პროდუქტების არასწორი შენახვა/მოხმარება იწვევს.
ტემპერატურის მკვეთრი მომატება ზაფხულში ვირუსულ თუ ბაქტერიულ ინფექციებს კიდევ უფრო მეტად ააქტიურებს.
ამ თემის ირგვლივ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა:
„ყოველ წელს გამოირჩევა ზაფხული იმით, რომ გარკვეული ინფექციური დაავადებები უფრო გვხვდება ხშირად, ვიდრე სხვა სეზონებზე. ძირითადად ნაწლავური ინფექციები და საკვები ინტოქსიკაცია იმატებს. ამის მიზეზია ჰიგიენური ნორმების არ დაცვა, ასევე მჭიდრო კონტაქტები, რის გამოც შესაძლოა გარკვეული ინფექციები გავრცელდეს, თუნდაც ზღვაში და აუზზე.
საუბარია ნაწლავურ ინფექციებზე, სოკოებზე, ბაქტერიებზე, ტოქსინებზე. ძირითადი სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და მაღალი ტემპერატურა.
ნაწლავური ინფექციების უკან არამხოლოდ ვირუსები დგას, არამედ სხვა მიკროორგანიზმებიც, ამის მკურნალობა სხვადასხვაა. ხშირად ხდება, რომ ადამიანს როგორც კი დაეწყება ეს სიმპტომები, იწყებს ანტიბიოტიკების მიღებას, რაც არ შეიძლება“, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვის ელოდება პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატება ივნისში - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი