ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს და ამბობს, რომ არ არსებობს ვახშამი, რომელიც საღამოს მომატებულ მადას ერთ ღამეში დაამშვიდებს, თუ დღის პირველი ნახევარი ნუტრიციულად ქაოსური იყო.
მისი თქმით, სწორი ვახშამი ჯადოსნური ჯოხი არ არის, ეს სხეულთან დადებული ზავია:
„არ არსებობს ვახშამი, რომელიც საღამოს მომატებულ მადას ერთ ღამეში დაამშვიდებს, თუ დღის პირველი ნახევარი ნუტრიციულად ქაოსური იყო. სხეული ერთიანი სისტემაა, ხოლო საღამოს საკვებისკენ ლტოლვა ხშირად იმ მითების ლოგიკური ბიოლოგიური შედეგია, რომლებიც „სწორ კვებაზე“ თავადვე შევქმენით.
აი, 3 მთავარი შეცდომა, რომელსაც საღამოობით ყველაზე ხშირად ვუშვებთ:
მითი 1: „ვახშმად მხოლოდ ვაშლი ან ჭიქა მაწონი საკმარისია“
ეს მეტაბოლური მახეა. ასეთი კვებით შიმშილის გრძნობას მხოლოდ დროებით მიაძინებთ. როდესაც ენერგეტიკული დეფიციტი გრძელდება და ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ მიღებული კალორიები არასაკმარისია, ის აძლიერებს ნეიროენდოკრინულ სიგნალებს — იზრდება გრელინის დონე და ფიქრი საჭმელზე უფრო ინტენსიური ხდება (ე.წ. Food Noise). ეს ყველაფერი ხშირად მაცივართან სპონტანური ვიზიტით სრულდება. ნებისყოფა აქ მხოლოდ ნაწილია — პროცესის უკან ძლიერი ბიოლოგიური მექანიზმები მუშაობს.
მითი 2: ხილის ასორტი ან თაფლიანი ჩაი ძილის წინ
საღამოს საათებში დიდი რაოდენობით მარტივი ნახშირწყლების მიღება სისხლში გლუკოზის დონის სწრაფ მერყეობას იწვევს. პრობლემა თავად ხილი კი არ არის, არამედ მისი ჭარბი რაოდენობით და იზოლირებულად მიღება. გლუკოზის დონის შედარებით სწრაფმა ვარდნამ შეიძლება მალევე გამოიწვიოს შიმშილის გაძლიერება, მოუსვენრობა და დამატებითი საკვების მიღების სურვილი — განსაკუთრებით მაშინ, როცა დღის ბოლოს ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილება ბუნებრივად მცირდება.
მითი 3: მთელი დღის შიმშილის საღამოს ანაზღაურება
როცა დღე ქაოსურია, ვახშამი მთავარ რიტუალად გარდაიქმნება — ცდილობთ აინაზღაუროთ როგორც კალორიები, ისე ემოციური დაღლილობაც. მძიმე და უხვმა ვახშამმა შესაძლოა გააუარესოს ძილის ხარისხი და გავლენა მოახდინოს ჰორმონალურ პროფილზე, მათ შორის მელატონინის ცირკადულ დინამიკასა და ზრდის ჰორმონის ღამის სეკრეციაზე. ზრდის ჰორმონი, სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, მონაწილეობს ლიპოლიზის (ცხიმების დაშლის) პროცესშიც.
საღამოს ამ დისბალანსს ხშირად ამწვავებს ნახევარფაბრიკატებსა და მზა სოუსებში დამალული ნატრიუმი და ფარული შაქრები, რაც დილით სითხის შეკავებითა და სასწორზე მომატებული მაჩვენებლით აისახება. პარალელურად, ეკრანის წინ ჭამის ჩვევა ხელს უშლის ტვინს, სრულფასოვნად აღიქვას დანაყრების სიგნალები.
გამოსავალი: თეფშის შიგთავსი
საღამოს ჩვენს სხეულს სიმკაცრე კი არა, სტაბილურობა სჭირდება.
ფორმულა მარტივია:
• სრულფასოვანი ცილა (თევზი, ფრინველი, კვერცხი ან ტოფუ) — საძირკველი, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას.
• ფერადი ბოსტნეული — ბოჭკოს მნიშვნელოვანი წყარო; თუ უმი ბოსტნეული დისკომფორტს გიქმნით, ღუმელში ან ორთქლზე მომზადებული აირჩიეთ — კუჭ-ნაწლავი მადლობას გეტყვით.
• ჯანსაღი ცხიმი (მცირე დოზით) — ამ სტრუქტურის დამაბალანსებელი ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას.
ასეთ პირობებში ორგანიზმს მეტი შესაძლებლობა ეძლევა, ღამის საათებში რესურსი აღდგენით პროცესებზე მიმართოს და არა ხანგრძლივ მონელებაზე.
სწორი ვახშამი ჯადოსნური ჯოხი არ არის — ეს სხეულთან დადებული ზავია. ხანგრძლივი, დამღლელი დღის ბოლოს თქვენი ორგანიზმი სიმშვიდეს იმსახურებს და არა საკუთარ ინსტინქტებთან მორიგ ბრძოლას. ხშირად პრობლემა ვახშამი კი არა — ის დღეა, რომელმაც ამ ვახშმამდე მიგვიყვანა“, - წერს ნატა გაგუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დღეში 10 პარკი ხელფასი შეიძლება მიმეტანა სახლში“ - რას ჰყვება ნანიკო ხაზარაძე
⭕ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ივნისის ბოლომდე განსაკუთრებული იღბალი ელით ✨