არიან თუ არა მიკროორგანიზმები ყველა ქრონიკული დაავადების საწყისი, რატომ არის სააფთიაქო D ვიტამინი უსარგებლო და რატომ უნდა ვთქვათ უარი რძის პროდუქტებსა თუ ხორცზე? ალტერნატიული მედიცინის მკვლევარი დავით ბუბუტეიშვილი „სიცოცხლის გახანგრძლივების ენციკლოპედიის“ საიდუმლოებებს, 36-საათიანი შიმშილობის ეფექტსა და 6 ყველაზე ჯანსაღ პროდუქტს დასახელებას გვთავაზობს.
ინტერვიუ „ლიკა ყაზბეგის პოდკასტში“ შედგა, რომლის ვიდეოს სტატიის ბოლოს დავურთავთ.
- ბატონო დავით, თქვენი თეორია მიკროორგანიზმებისა და დაავადებების კავშირზე ძალიან საინტერესოა. როგორ ხსნით იმას, რომ თითქმის ყველა ქრონიკულ დაავადებას მიკრობული საწყისი აქვს?
დავით ბუბუტეიშვილი: ორგანიზმში ყველა მიკრობს თავისი კონკრეტული ადგილი აქვს ამორჩეული. მაგალითად, ჰელიკობაქტერია კუჭის წყლულს იწვევს და ის არასდროს გამოიწვევს ინფარქტს ან ტვინის ანთებას; სტრეპტოკოკის ადგილი მუხლის სახსარშია. მეცნიერებამ დღესდღეობით მხოლოდ 100 000-მდე მიკრობი აღმოაჩინა, მაშინ როცა ბუნებაში მილიონობით არსებობს. ჩემი ღრმა რწმენით, დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა ენდოკრინული და ქრონიკული დაავადება (გარდა მწვავე დამწვრობისა და მოტეხილობისა) მიკროორგანიზმებითაა გამოწვეული. მაგალითად, ათეროსკლეროზულ ფოლაქებს იწვევს ქოლესტერინი, კალცინატი და მიკრობი. შარშან ამერიკულ კვლევაში წავიკითხე, რომ ალცჰაიმერით დაავადებულთა 30%-ში სწორედ მიკრობული ხასიათი აღმოაჩინეს.
- ძალიან საინტერესოა... მაყურებელს აუცილებლად დააინტერესებს, თქვენი სისტემით, რომელია 5 ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი?
დავით ბუბუტეიშვილი: ხუთი კი არა, ექვსიც გამომივა, ამარანტი, გაღივებული ან ახალდაფქული, შეიცავს ძვირფას ნივთიერება სკვალენს, ანწლი, ჩია, წიწიბურა, ნიახური, ოხრახუში.
- მოიცა, ნიახური ხომ ყველაზე უგემური მწვანილია? და ხორცზე ან ღვიძლზე რას იტყვით, ძველი თაობა სულ იძახდა ღვიძლი სასარგებლოაო.
დავით ბუბუტეიშვილი: უგემურია, მაგრამ ყველაზე სასარგებლო! რაც შეეხება ღვიძლს, ის ფილტრია და მასში ტოქსინები გროვდება. მართალია, გემრიელი საკვები, ნაყინი და ყავა ენდორფინებს გამოყოფს, რაც იმუნიტეტს დროებით ამაღლებს, მაგრამ უშუალოდ პროდუქტი ორგანიზმისთვის მარგებელი არ არის.
- ბატონო დავით, თქვენ შიმშილობის დიდოსტატი ხართ. კანის ახალგაზრდობისა და ტოქსინებისგან გაწმენდისთვის რა არის ოპტიმალური სქემა?
დავით ბუბუტეიშვილი: მე 50-ზე მეტი შიმშილობა მაქვს ჩატარებული, მათ შორის 24-26 დღიანიც, თუმცა ეს შეცდომა იყო. შიმშილობის მაქსიმალური ეფექტური კურსი 7 დღეა. ხოლო ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ვისაც სიცოცხლის 10%-ით გახანგრძლივება და კანისა თუ კაპილარების გაახალგაზრდავება სურს, საუკეთესოა კვირაში ერთი 36-საათიანი შიმშილობა, მხოლოდ წყალზე. ამ დროს ირთვება ავტოფაგია, ორგანიზმი თვითონ ინელებს და გარეთ დევნის წლობით დაგროვილ ტოქსინებს.
- ვიცი, რომ წიგნზეც მუშაობთ...
დავით ბუბუტეიშვილი: დიახ, „სიცოცხლის გახანგრძლივების ენციკლოპედია“ ერქმევა. 5 წელია მზად მაქვს, მაგრამ მიხარია, რომ აქამდე არ გამოვეცი, რადგან ბოლო თვეებში მივაგენი ზუსტ ალგორითმს, რომელიც ჯანსაღ და არაჯანსაღ კვებას ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავს. წიგნში ეწერება ისეთი რამ, რაც სხვაგან არასდროს დაწერილა.
- აბა სოკოზეც მითხარით, მართლა მავნებელია?
დავით ბუბუტეიშვილი: სოკო საპროფიტია, მას ფოტოსინთეზი არ აქვს და სხვის ხარჯზე იკვებება. შეიცავს ქიტინს, რომელსაც უჯრედი ვერ შლის, ხოლო მასში არსებული ამინომჟავები და ცილები ჩვენი ორგანიზმისთვის სრულიად უცხოა. მე პირადად მხოლოდ დაფქულ სოკოს მივირთმევ მცირე დოზით. საერთოდ, პროდუქტის მოხარშვისას ცილა არაორგანული ხდება და საკვები ოქსიდაციური, დაჟანგული ხდება. ადამიანის კბილების აგებულება, მიჯრილი კბილები ზუსტად მცენარიჭამიების, ანალოგიურია - ღმერთმა ადამიანი მცენარეული საკვებისთვის შექმნა.
- ბოლოს, რძის პროდუქტებზეც გკითხავთ. მთელი მსოფლიო აღმერთებს ბერძნულ იოგურტსა და ხაჭოს, თქვენ კი ეწინააღმდეგებით. რატომ?
დავით ბუბუტეიშვილი: ძალიან მარტივად ავხსნი, 14 თვის ასაკის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ლაქტოზის მომნელებელი ფერმენტი ლაქტაზა აღარ გამოყოფა. ამის შემდეგ მიღებული რძე უბრალოდ ვერ ინელება, ორგანიზმში იწვევს მჟავე რეაქციას და ოქსიდაციურია. მაღაზიის ხაჭოსა და იოგურტებში კი სავსეა სტაბილიზატორები, არომატიზატორები და მოდიფიცირებული კალციუმი.
- მაწონიც ასეთია?
დავით ბუბუტეიშვილი: მაწონი ყველაფერს სჯობს, რადგან პრობიოტიკია. თუ მაინცდამაინც რძის პროდუქტს ვიღებთ, ჯობია ოჯახის მაწონი მივიღოთ მცირე რაოდენობით. მარკეტის მაწონს მართალია მარგებლობა ნაკლები აქვს, მაგრამ გარანტია გაქვს, რომ არ მოიწამლები.
- ვიტამინებზე და დანამატებზეც გვითხარით:
დავით ბუბუტეიშვილი: ამ ბოლო დროს ყველაზე კარგად D ვიტამინი იყიდება, იმიტომ რომ ყველა ენდოკრინოლოგი, ექიმები ამბობენ, რომ D ვიტამინის დეფიციტი მართლა ძალიან ბევრ რამეს იწვევს... აფთიაქის D ვიტამინი არის კიბო, თავშივე არის თავისუფალი რადიკალი... მედიკამენტოზური D ვიტამინი და ქიმიური D ვიტამინი რომ აღმოფხრიდეს დეფიციტს, მსოფლიოში რახიტი არ იქნებოდა. ეს D ვიტამინი ვერ შედის, წეღან ვთქვი, უჯრედში, არ ატარებს სენსორული მემბრანის სენსორები. ეს D ვიტამინი, სააფთიაქო იქნება თუ შემწვარი თევზი იქნება თუ თევზის ქონი იქნება, რჩება უჯრედს გარეთ, მატრიქსში.
შენიშვნა: ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები მაგალითად, ყველა დაავადების მიკრობული წარმოშობა, თერმულად დამუშავებული საკვების მავნებლობა, რძის პროდუქტების სრული უარყოფა და ხანგრძლივი შიმშილობა წარმოადგენს ალტერნატიული მედიცინის/ავტორის სუბიექტურ შეხედულებებს და არ ემთხვევა თანამედროვე ოფიციალური მტკიცებითი მედიცინის (Evidence-Based Medicine) სტანდარტებს.