Digest Logo

„არასწორად მომხდარი პირველი სექსი შეიძლება, გახდეს ადამიანის მრავალწლიანი ტანჯვის და უბედურების მიზეზი...“ - რას წერს ლევან შელეგია

1773640025
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია სოციალურ ქსელში წერს, რომ სექსს აქვს ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ინფექციური, ჰორმონალური, სოციალური, სპირიტუალისტური, იურიდიული და სხვა მრავალი კომპონენტი. 

მისი თქმით, არასწორად მომხდარი პირველი სექსი შეიძლება, გახდეს ადამიანის მრავალწლიანი ტანჯვის და უბედურების მიზეზი:

„სქესობრივ და სექსთან დაკავშირებულ თემებზე ღიად, სერიოზულად საუბარი ისევე ბუნებრივია, როგორც სასქესო ორგანოებს ქონა.

სექსი არ არის მხოლოდ კონკრეტული აქტი. მას აქვს ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ინფექციური, ჰორმონალური, სოციალური, სპირიტუალისტური, იურიდიული და სხვა მრავალი კომპონენტი.

ამ თემების გარშემო სიბნელე, აკრძალვები, დეზინფორმაცია ხშირად საფუძველია ინდივიდუალური თუ კოლექტიური ავადმყოფობის და განუვითარებლობის.

ამიტომ ვსაუბრობ რეგულარულად ამ თემებზე, რადგან მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს საქართველოში განსაკუთრებულად აუცილებელია. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ეს არც სკოლებში ხდება და არც ოჯახებში ისეთი მასშტაბით, როგორც საჭიროა.

სირცხვილი საერთოდ არასწორი და არასაჭირო მიდგომაა სექსუალური თემატიკის მიმართ. ამით არ ვამბობ, რომ ყველაფერი ინტიმური გახდეს საჯარო, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგი, აღზრდა, განათლება უნდა ხდებოდეს ყოველგვარი ღლიცინის და დარცხვენის გარეშე.

ელემენტარული ფიზიკური ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი სწორი ინფორმაცია, რომ თავიდან ავირიდოთ სიმსივნეები, ინფექციები, უშვილობა, არასასურველი ორსულობა, იმპოტენცია, დეპრესია, სუიციდი, ეპიდემიები...

ელემენტარული ფაქტია, რომ ხშირი ეაკულაცია მამაკაცებში ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს. ასევე ფაქტია, რომ არასწორად მომხდარი პირველი სექსი შეიძლება, გახდეს ადამიანის მრავალწლიანი ტანჯვის და უბედურების მიზეზი.

რამდენი შემთხვევა მქონია და მაქვს „ერექციული  დისფუნქციის“, „ნაადრევი ეაკულაციის“, „ანორგაზმიის“, „აქტის დროს ტკივილის“, „სიამოვნების ვერ განცდის“, „სექსუალური იდენტობის ვერ პოვნის“, ორიენტაციის გამო მასიური პრობლემების და ასე შემდეგ. და ყველაზე ტრაგიკული - ამ ყველაფერზე ვერავისთან საუბრის, შიშის, სირცხვილის გამო.

არადა ყველაფერი ემორჩილება სწორ მიდგომას, თერაპიას.

ასევე ჯერ კიდევ ბევრს ჰგონია, რომ თუ გოგონა „ქალიშვილია“ მას პირველი სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა ჰქონდეს სისხლდენა. არადა ეს არანაირ კავშირში არ არის ანატომიურ თუ ფიზიოლოგიურ რეალობასთან.

ძალიან ბევრ გოგოს პირველი სექსის დროს არანაირი სისხლდენა არ აქვს, რაც სრულიად ნორმალურია!

თან არსებობს სექსუალური დისფუნქციები, რომელზედაც არ ხდება საუბარი, არადა მათი უმრავლესობა სამედიცინო-ფსიქოლოგიური რუტინაა და ექვემდებარება მკურნალობას.

გავანიავოთ და მოვაშოროთ ნაფთალინის საბჭოური და ტოქსიკური სუნი სასიცოცხლო საკითხებს.

და მით უმეტეს დღევანდელ, ინფორმაციულ ერაში ორმაგად მნიშვნელოვანია სწორის არასწორისგან, სიმართლის მითისგან გარჩევა.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენერგეტიკულად კონტრასტული კვირა გველოდება...“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

„ოსკარის“ გამარჯვებულები დასახელდნენ

„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 16 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი